Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარტნიორები შოვის ტრაგედიაზე მწუხარებას გამოხატავენ


შოვი
შოვი

ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად ამ დროისათვის 12 ცხედარია ნაპოვნი, დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი ადამიანი. 3 აგვისტოს შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურებიან საქართველოს პარტნიორები და საქართველოსა და დაღუპულთა ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ. 

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში: "გულწრფელად უსამძიმრებს შოვში დამანგრეველი მეწყრის გამო ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით ადევნებს თვალს მიმდინარე სამაშველო და ევაკუაციის ოპერაციებს, რომლებსაც შესაბამისი უწყებები, მედიკოსები და იქ მყოფი ადამიანები ატარებენ და იმედოვნებს, რომ სტიქიის ზონაში ყველა დარჩენილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებას შეძლებს".

აშშ-ის საელჩო საქართველოში: "ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებთ შოვში გარდაცვლილთა ოჯახებსა და მეგობრებს და ვლოცულობთ დაკარგულთა დროულად პოვნისათვის. ამ მძიმე წუთებში მაშველების თავდადება და ტრაგედიის პირისპირ ქართველი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერის სურვილით აღსავსე ერთიანობა შთამაგონებელია".
ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ რაჭაში დაღუპულთა გამო. თანავუგრძნობთ მათ ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს და ვის ახლობლებსაც ეძებენ".
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "ტვიტერზე" გამოეხმაურა კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას. მან პოსტი ქართულ ენაზე გამოაქვეყნა. ზელენსკიმ მიუსამძიმრა დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს.
უკრაინის საელჩო საქართველოში: "უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მოძმე ქართველს ხალხს და გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე".

ევროკავშირის კომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი: "სამძიმარს ვუცხადებ შოვში ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვიმედოვნებ, სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციები წარმატებით ჩატარდება. ჩვენ ვლოცულობთ ქართველ ხალხთან ერთად".

თურქეთის საელჩო საქართველოში: "დიდი მწუხარებით შევიტყვეთ შოვში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად დაკარგული პირების შესახებ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ხოლო დაშავებულ პირებს ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას. გითანაგრძნობთ, საქართველო!"

გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი: "გერმანიის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ რაჭაში, შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულებს. ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ დაღუპულთა ოჯახებისთვის, დაშავებულთა და სამაშველო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის".
ისრაელის ელჩი საქართველოში ჰადას მეიცადი: "ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რაჭაში მომხდარ დამანგრეველ სტიქიას. ჩვენი ფიქრები იმ ოჯახებთანაა, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს და მათ, ვინც გამოიარა ეს ტრავმული მოვლენა".

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ვგლოვობთ შოვში დამანგრეველი მეწყრის დროს დაღუპულებს და ვიმედოვნებთ, რომ დაკარგულები უსაფრთხოდ დაბრუნდებიან. ამ ტრაგედიის დროს ჩვენი გული ქართველ ხალხთანაა".

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა: "ძალიან შოკირებული ვარ იმ სტიქიით, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ისევე როგორც ჩემი სახელით, გამოვხატავ თანაგრძნობას და თანადგომას თქვენი და მოძმე ქართველი ხალხის მიმართ. დაღუპულთა ახლობლებსა და მეგობრებს სულის სიმტკიცისა და სიმამაცეს ვუსურვებ, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე მომენტში ვიზიარებთ მოძმე ქართველი ხალხის ღრმა მწუხარებას".

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანი: "ღრმა მწუხარებით შევიტყვე რაჭის რეგიონში მომხდარი სტიქიის შესახებ, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მოძმე ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას ამ მძიმე წუთებში, ხოლო დაღუპულთა ნათესავებს გამძლეობას და მოთმინებას ვუსურვებ".

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ შოვში მეწყრის შედეგად დაღუპულებს. დაზარალებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას და მოუთმენლად ველით სამაშველო სამუშაოების გააქტიურებას".

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები შოვში მეწყრის დროს. ვიმედოვნებთ, რომ ათობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი ჯანმრთელი დაბრუნდება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და ხალხს".

უწყების ცნობით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი თავის ქართველ კოლეგას ილია დარჩიაშვილს ტელეფონით ესაუბრა. მინისტრმა გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს, საქართველოს მთავრობას და ხალხს, ხოლო დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა. მინისტრმა ბაირამოვმა გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა, დაეხმაროს სამაშველო სამაშველო ოპერაციებში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში: "გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხსა და მთავრობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად ოჯახის წევრები დაკარგა. ჩვენი ფიქრები მათთანაა, ვინც ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება, ისევე როგორც მათთან, ვინც დაშავებულია და კატასტროფას გადაურჩა. ხაზს ვუსვამთ, რომ ქალები, ბავშვები და სხვა სოციალური ჯგუფები შესაძლოა განსაკუთრებით დაუცველები იყონ ასეთი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ".

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.

XS
SM
MD
LG