ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სტიქიის არეალში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის შესახებ მორიგი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც ის აღნიშნავს, სამუშაოებში დრონები და კინოლოგთა ჯგუფი მონაწილეობენ.
„ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 400 მეხანძრე-მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ასევე, სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი", - აცხადებს შსს.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ 4 აგვისტოს, დილიდან, სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა განაახლა მუშაობა, რომლის საშუალებითაც სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადმოყვანა მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში 11 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყრის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია 3 აგვისტოს გავრცელდა.