გარემოს დაცვის სამინისტროს გეოლოგი მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს, რომ იმ მასშტაბის სტიქია, როგორიც გუშინ რაჭაში, შოვში, მოხდა, საქართველოში არ ყოფილა. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა იმაზე, რა შეიძლება გამხდარიყო გუშინ მეწყრული პროცესების განვითარების მიზეზი.
"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში, კურორტ შოვის ტერიტორიაზე, ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს მყინვარის ინტენსიური დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარის სათავეებში. ამას თან დაერთო უხვი ნალექი.
უხვმა ნალექმა, წყლის ნაკადმა, დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ნაპირების გარეცხვას. ე.წ. სანაპირო ტიპის მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში და შედეგად მივიღეთ ის, რაც მოხდა", - ამბობს გეოლოგი.
მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი არ არის.
"დამეჯერება, ალბათ, დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასდროს ჰქონია, არა მარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში, სადაც ერთ-ერთი სოფელი ჩაიმარხა, სოფელი ხახიეთი. მსგავსი პროცესების მასშტაბი შეგვიძლია შევადაროთ თბილისის სტიქიას, დევდორაკის სტიქიას, თუმცა ახლა მასის მოცულობა, ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონ კუბზე მეტი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში", - განაცხადა მან.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დილის 10:00 საათზე მედიასთან აღნიშნა, რომ ვერ უკავშირდებიან შოვში მყოფ 35 ადამიანს. 11:00 საათზე მედიას შსს-ში უთხრეს, რომ შოვში დაღუპულთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილის თანახმად, მეწყერმა ჭალაში არსებული კოტეჯები სრულად გაანადგურა. მედიას მან განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
"სადაც კოტეჯები არსებობდა, იქ, ფაქტობრივად, არაფერი არის. არის კოტეჯების ფრაგმენტები. ჯერჯერობით იმ ადგილებამდე ვერ მივედით იქიდან გამომდინარე, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ეფლობიან. სწორედ ამიტომ ხდება ახლა ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და იქამდე მივიდეთ", - თქვა სამაშველო სამსახურის უფროსმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილის 6 საათიდან ოპერაციაში ისევ ჩაერთო სასაზღვრო სამსახურის 2 ვერტმფრენი. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი.
შსს-ს ცნობითვე, მეორე დღეა, უწყვეტი რეჟიმით გრძელდება ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 400-მდე მეხანძრე-მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.