შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის არეალში ნაპოვნი 24 ცხედრიდან, 20 იდენტიფიცირებულია. როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს.
"იმ წუთებში თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იყო ბოლო წამები და მინდოდა ადამიანებს ენახათ რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით. მინდოდა მეჩვენებინა, რომ იქ გაუგონარი რამ ხდებოდა, მინდოდა მათ, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, დაენახათ ეს და რამენაირად დაეჩქარებინათ [ვერტმფრენის მოსვლა]" - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ფირცხალაიშვილი, “სანსეტ შოვის” დამსვენებელი, რომლის პირდაპირ ჩართვებსაც სტიქიის ზონიდან ათიათასობით ნახვა აქვს ფეისბუკზე.
კურორტი შოვი, სადაც 3 აგვისტოს მომხდარმა კატასტროფამ მთელი საქართველო შეძრა, ზუსტად 100 წლის წინ შეიქმნა სოფელ გლოლის მახლობლად, თუმცა თავიდან რაჭის მთავარ საკურორტო ადგილად შერჩეულ იქნა შაორი, სოფელი ნიკორწმინდასთან ახლოს, ხარისთვალას ტბასთან, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი გაკეთდა ადგილზე, რომელსაც გლოლის მაცხოვრებლები საძოვრებად იყენებდნენ. შოვში დღემდეა შემორჩენილი ქართული სტილით აშენებული ხის ლამაზი შენობა - ყოფილი სანატორიუმი, რომელშიც 1947 წლის ზაფხულში გალაკტიონ ტაბიძე ისვენებდა.
“ხანდახან მრცხვენია, რომ გადავრჩით” - ამბობს მარიამი სანამ თავისი გადარჩენის ამბავს მოჰყვება. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ წაიღო სტიქიამ იმ ადგილიდან, სადაც ის და მისი ოჯახის წევრები უბედურებას გაურბოდნენ, ყველაზე ცოტა, 5 ადამიანი. მარიამს ახსოვს, რომ ღვარცოფმა შთანთქა მანქანა ახალგაზრდა წყვილით, ასევე ტალახის მასაში გაუჩინარებული სხვა გოგო და ბიჭი, რომელიც იმავე სახლში ისვენებდნენ, სადაც თვითონ, და მოხუცი ქალი, რომელიც ბოლოს რომ დაინახა, ცოტა მოშორებით, "კალცის ხიდთან" იდგა და გადარჩენას ცდილობდა.