Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი თავს უდანაშაულოდ აცხადებს ბრალდებაში, რომ შეეცადა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის შეცვლას


დონალდ ტრამპი, აშშ-ის ექსპრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის ექსპრეზიდენტი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 აგვისტოს თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ბრალდებაში, რომ გეგმავდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი მარცხის შეცვლას.

ტრამპმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადა ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოზე, შენობაში, რომელიც ახლოს მდებარეობს კაპიტოლიუმთან, სადაც 2021 წლის 6 იანვარს მისი მომხრეები შეიჭრნენ და შეეცადნენ, კონგრესისთვის არჩევნების შედეგის დამტკიცების საშუალება არ მიეცათ.

ტრამპი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელთა წამყვანი კანდიდატია, თავის უდანაშაულოდ გამოცხადების შემდეგ სასამართლოდან გაუშვეს პირობით, რომელიც მას უზღუდავს საქმის შესახებ საჯაროდ ლაპარაკს, თუმცა კამპანიის გაგრძელების საშუალება ექნება, საქმის მსვლელობის პარალელურად.

ბრალდება აღრიცხავს, როგორ ცრუობდნენ ტრამპი და მისი რესპუბლიკელი მოკავშირეები არჩევნების შედეგების შესახებ და ზეწოლას ახორციელებდნენ მაშინდელ ვიცე-პრეზიდენტზე, მაიკ პენსსა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე, რათა ტრამპს ოფისში დარჩენაში დახმარებოდნენ.

ყოფილი პრეზიდენტი ერთადერთი პირია, რომელსაც ამ საქმეზე ბრალი წაუყენეს, თუმცა პროკურორები საუბრობენ ანონიმურად დატოვებულ ექვს პირზე, რომლებთან ერთადაც, მათი თქმით, ტრამპი მოქმედებას გეგმავდა.

ტრამპმა თქვა, რომ არასწორი ქმედება არ ჩაუდენია და საგანგებო პროკურორი ჯეკ სმიტი დაადანაშაულა მისთვის 2024 წელს თეთრ სახლში დაბრუნების შანსის წართმევის მცდელობაში.

სმიტმა ტრამპს ოთხი ბრალდება წაუყენა: შეთქმულება აშშ-ის შეცდომაში შესაყვანად, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლა, ოფიციალური პროცესისთვის ხელის შეშლის მიზნით შეთქმულება და შეთქმულება ამერიკელთა უფლების წინააღმდეგ, დათვლილი ყოფილიყო მათი ხმები.

ყველაზე სერიოზული ბრალდება 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG