Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა ექსპერტებმა უარყვეს ინფორმაცია "მარცვლეულის ბლოკადის გარღვევის" შესახებ


ხორბლის დატვირთვა უკრაინის პორტ პივდენნიში. 14 აგვისტო, 2022.
ხორბლის დატვირთვა უკრაინის პორტ პივდენნიში. 14 აგვისტო, 2022.

ინფორმაცია „მარცვლეულის ბლოკადის გარღვევის შესახებ“, რომელიც მანამდე რამდენიმე უკრაინულმა და უცხოურმა მედიასაშუალებამ, მათ შორის Forbes-მა გაავრცელა, სიმართლეს არ შეესაბამება, წერს Korrespondent.net-ი უკრაინელ ექსპერტებზე დაყრდნობით.

იმის პირველი ხსენება, რომ 29 ივლისის ღამით სამმა უცხოურმა გემმა გაიარა თურქეთის სრუტეები ტრანსპონდერებით, უკრაინისკენ მიმავალი კურსის დამალვის გარეშე, Twitter-ში გამოჩნდა.

მოგვიანებით, უკრაინულმა მედიამ, OSINT-ის ანალიტიკოს მარკუს ჯონსონზე დაყრდნობით, დაიწყო მტკიცება, რომ შავ ზღვაში, სავარაუდოდ, მოხდა „საზღვაო ბლოკადის გარღვევა".

კერძოდ, სამხედრო ვებსაიტმა დაწერა, რომ სამმა სამოქალაქო გემმა - AMS 1-მა, Sahin 2-მა და Yilmaz Kaptan-მა - 29 ივლისს, ღამით შავი ზღვის სრუტეები გაიარა და უკრაინისკენ გაემართა. გამოცემის თანახმად, ისრაელის ხომალდმა AMS1-მა, რომელმაც „მიაფურთხა რუსულ მუქარებს“, დუნაის დელტაში ჩაუშვა ღუზა უკრაინის ერთ-ერთ მარცვლეულის პორტში.

Forbes-მაც აღნიშნა, რომ „რუსეთის ბლოკადა გაირღვა“ და რომ ხომალდები მოძრაობდნენ ჩართული რადიოტრანსპონდერებით, რითაც მათი მდებარეობა და კურსი ყველასთვის ხილული გახადეს. გემებს თითქოს ნატოს თვითმფრინავების ჯგუფი ადევნებდა თვალყურს.

შავი ზღვის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა და BlackSeaNews-ის მთავარმა რედაქტორმა ანდრეი კლიმენკომ ამ ინფორმაციაზე კომენტარი გააკეთა: „მეკითხებიან, რატომ არ ვწერ ასეთ ეპიკურ მოვლენებზე? პასუხისმგებლობიანი პირის პირველი რეაქცია არის ‘ნუ დააშავებ’. მეორე რეაქცია არის - ‘შეამოწმე მთელი კონტექსტი’“.

მისი თქმით, „ზღვის ბლოკადის გარღვევაზე“ საუბარი მინიმუმ არაკორექტულია, რადგან ეს ტერმინი უფრო ოდესის ოლქის პორტებს ეხება, რადგან იქ იყო „მარცვლეულის დერეფანი“, რომელიც ჯერჯერობით არ არის. გემები კი წავიდნენ დუნაის პორტებში და, შესაბამისად, ეს განმარტება არ არის ძალიან ადეკვატური.

„ბლოკადა არის, როცა სამხედრო ხომალდები ხელს უშლიან გემების გადაადგილებას, ანუ ითხოვენ გაჩერებას, უკან დაბრუნებას, შემოწმების ჩატარებას და ა.შ. რამდენადაც ვიცი, აქამდე ყველაფერი შემოიფარგლებოდა რადიოში გაფრთხილებით ძალიან ცუდი ინგლისურით. და ცნობებით დანაღმვის შესახებ. და ყველა მიხვდა, რომ მათ მეზღვაურების იოლად დაშინება სურდათ“, - წერს კლიმენკო.

ექსპერტმა დასძინა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე მხოლოდ ეს სამი ხომალდი არ არის. 31 ივლისის საღამოს მდგომარეობით, კუნძულ ზმეინის სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით (ძირითადად რუმინეთის წყლებში) ღუზაზე იმყოფებოდა სულ მცირე 16 გემი, რომლებსაც სურთ დუნაიზე უკრაინის პორტებში შესვლა.

„ზოგიერთი მათგანი იქ საკმაოდ დიდი ხნის წინ მოვიდა, სწორედ მას შემდეგ, რაც აღმოსავლელმა ბარბაროსებმა თავიანთი ბარბაროსული განცხადებები გააკეთეს. კიდევ რამდენიმე ახლა ბოსფორიდან მომავალ გზაზეა. ისინი თავს არ თვლიან გმირებად და „გამრღვევებად“ - ისინი არიან ჩვეულებრივი მეზღვაურები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ“, - წერს კლიმენკო.

რუსული ცენტრის, Sovecon-ის დირექტორი ანდრეი სიზოვიც ადასტურებს, რომ დუნაის პორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

„გემები დუნაის ტერმინალებში მიემართებოდნენ ერთი კვირის წინ, ორი კვირის, სამი კვირის წინ... ოდესა ჯერ კიდევ დაკეტილია, მაგრამ დუნაი არა, უკრაინული ექსპორტისთვის საბედნიეროდ“, - დაწერა სიზოვმა Twitter-ში.

არაერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამოქალაქო გემმა პირველმა გაარღვია რუსეთის მარცვლეულის ბლოკადა. ელენა ნერობამ, Maxigrain-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, აღნიშნა, რომ სათაურებში ნახსენებ ისრაელის გემს „არაფერი გაურღვია“ და, საერთოდ, მას არაფერი აქვს საერთო ამ ქვეყანასთან. გემების თვალთვალის სხვადასხვა სერვისის მიხედვით, გემი AMS 1 დაცურავს სიერა ლეონეს დროშის ქვეშ, ხოლო თავად გემი, ანდრეი კლიმენკოს თქმით, ეკუთვნის თურქულ კომპანია Amir Marine Services Co.-ს. სავარაუდოდ, AMS 1-ს შეცდომით ეწოდა ისრაელის, რადგან 20 ივლისს გემმა დატოვა ისრაელის პორტი აშდოდი და გაემართა უკრაინისკენ.

ასევე, Sahin 2 არ ეკუთვნის საბერძნეთს (VesselFinder-ის მიხედვით, ის ვანუატუს დროშით დაცურავს), ხოლო Yilmaz Kaptan-ი (Kudret Gezer-ი) საქართველოს ეკუთვნის.

ღია წყაროების ინფორმაციით, სატვირთო გემი Yilmaz Kaptan-ი (Kudret Gezer-ი), რომელიც Forbes-ის გამოცემაში თურქულ-ქართულ სიაშია შეტანილი, ვანუატუს დროშით დაცურავს. ის 21 ივლისს ფოთის პორტში იყო, რის შემდეგაც უკრაინისკენ გაემართა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ არ უპასუხა მოთხოვნას ამ გემის საქართველოში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

ყველა ეს გემი შავ ზღვაშია. როგორც Latifundist.com-ი იუწყება Marine Traffic-ზე დაყრდნობით, გემები Sahin 2 და Yilmaz Kaptan-ი რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში იმყოფებიან, ხოლო AMS 1 რუმინეთის ტერიტორიული წყლების დატოვების შემდეგ შევიდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და ახლა უკრაინის სანაპიროსთან ყველაზე ახლოსაა სხვა ხომალდებთან შედარებით.

AMS 1-ის საგზაო მოწმობის მიხედვით, 1 აგვისტოს 11:00 საათისთვის გემი იზმაილის პორტში უნდა შესულიყო. თუმცა, სისტემა Marine Traffic-ის მონაცემებით, 31 ივლისს 15:00 საათიდან გემი კუნძულ ზმეინის სამხრეთ-დასავლეთით იდგა შავ ზღვაში.

გემის ტრაექტორიიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ 31 ივლისს, დღის მეორე ნახევარში, AMS 1 შევიდა უკრაინის ტერიტორიულ წყლებში და გეგმავდა წასვლას ბისტრის შესართავისკენ (რომლის მეშვეობითაც შედიან სავაჭრო გემები უკრაინის პორტებში დუნაიზე). თუმცა, 13:58 საათზე გემმა მიმართულება შეიცვალა და უკან დაბრუნდა.

XS
SM
MD
LG