Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში პოლიციამ რკინის ჯებირებით შემოღობა ნავსადგური, სადაც რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემს ელოდებიან


ჯებირები ბათუმის პორტთან
ჯებირები ბათუმის პორტთან

ხმაური და დაპირისპირებაა ბათუმში, ნავსადგურის მიმდებარედ, სადაც პოლიციამ რკინის ჯებირები აღმართა და მოქალაქეებს გადაადგილება შეუზღუდა. ბათუმის ნავსადგური 31 ივლისს ელის რუსეთიდან მომავალ საკრუიზო გემ„ASTORIA GRANDE-ს“, რომელიც სოჭიდან მოდის და ბათუმში, სავარაუდოდ, დილის 5 საათისთვის იქნება. მოქალაქეები რუსეთიდან მომავალი გემის დახვედრას საპროტესტო აქციით აპირებდნენ. პოლიციას ამ დროისთვის გადაკეტილი აქვს თითქმის ყველა ის მონაკვეთი, საიდანაც შეიძლება ნავმისადგომზე მისვლა.

მოქალაქეები, რომლებიც საქართველოს წყლებში რუსული საკრუიზო ხომალდების ცურვას დაუშვებლად მიიჩნევენ, ცდილობენ ადგილების დაკავებას ნავსადგურის სიახლოვეს - ბათუმიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიცია მათ ჯებირების გადალახვის საშუალებას არ აძლევს და მოუწოდებს, დაიცვან წესრიგი და დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს.

ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაკავებულის შესახებ - რადიო თავისუფლება ცდილობს დაკავებულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

საკრუიზო გემზე, რომელსაც ბათუმი ელოდება, ტურისტებთან ერთად არიან პუტინისა და ომის მომხრე მომღერლები და არტისტები.

"არა საქართველოს რუსიფიკაციას! არა რუსულ სამხედრო გემს!" - ესაა სლოგანი, რომელიც აერთიანებს 31 ივლისს ბათუმში დაგეგმილი აქციის მონაწილეებს.

2023 წლის ტურისტულ სეზონზე რუსეთიდან მომავალი პირველი საკრუიზო გემი ბათუმში 28 ივლისს შევიდა - მოქალაქეები ამ გემსაც საპროტესტო აქციით დახვდნენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პროტესტის ეს ფორმა "ქაჯობად" შეაფასა.

XS
SM
MD
LG