ბათუმში სოჭიდან თურქეთის გავლით ჩასული საკრუიზო ლაინერის მგზავრების წინააღმდეგ პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი. მან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა გურიაში, ზაზა ფაჩულიას და კომპანია „გალფის“ თანამშრომლობით, საკალათბურთო მოედნის გახსნის ღონისძიების შემდეგ.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების რეაქცია. რეაქცია რუსი ტურისტების საკრუიზო გემის ვიზიტზე იყო“, - აღნიშნა დიპლომატმა.
დეგნანის აზრით, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოს მოქალაქეები, როგორც ბათუმში, ისე სხვაგან არ მიესალმებიან ასეთ მოგზაურობას.
„ქართველები შესანიშნავი, სტუმართმოყვარე, თბილი მასპინძლები არიან, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს უნდა გაუკვირდეს, ვინმე უნდა ელოდოს, რომ სტუმართმოყვარეობით მიიღებ მას, ვისაც შენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ვინც შენს ქვეყანაში ოჯახებს ერთმანეთისგან აცალკევებს, ვინც შენს მოქალაქეებს აკავებს“, - თქვა კელი დეგნანმა.
27 ივლისს ბათუმის პორტში საქართველოს მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს საკრუიზო ლაინერ ASTORIA GRANDE-ზე მყოფი რუსეთის მოქალაქეები. ლაინერს თურქული საკრუიზო კომპანია Miray Cruises International-ი ემსახურება.
"Русский корабль, иди на...й", - მოქალაქეთა ნაწილს ამ შინაარსის პლაკატები ჰქონდა.
პოლიციამ ჯებირები გაავლო და აქციის მონაწილეებს არ აძლევდა ლაინერთან მიახლოების უფლებას. გემმა ბათუმის პორტი 27 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე დატოვა.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაცხადეს, რომ ლაინერი არ არის სანქცირებული.