Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვერხოვნა რადამ“ პარლამენტის მანდატი ჩამოართვა მალდივის კუნძულებზე დასვენების მოყვარულ დეპუტატ არისტოვს


უკრაინის "ვერხოვნა რადა". საილუსტრაციო ფოტო
უკრაინის "ვერხოვნა რადა". საილუსტრაციო ფოტო

27 ივლისს უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წარმომადგენელს, იური არისტოვს.

ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 320-მა დეპუტატმა.

"უკრაინსკა პრავდას" ცნობით, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 25 ივლისს უკრაინული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური არისტოვი ივლისის შუა რიცხვებში მალდივის კუნძულებზე 5-ვარსკვლავიან სასტუმროში ისვენებდა. იმავე დღეს არისტოვმა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა. არისტოვის საქმეს უკრაინის საგამოძიებო ბიურო და უსაფრთხოების სამსახური სწავლობენ.

25 ივლისს, ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაშინ, როცა მეომრები და ხალხი გამარჯვებისა და თავისუფლებისთვის შეუძლებელსაც კი აკეთებენ, უკრაინის ინტერესების ნაცვლად შიდა ღალატი, პლაჟები და პირადი გამდიდრება, სულ მცირე, მძვინვარებას იწვევს და ეს ყველამ უნდა დაიმახსოვროს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ანონიმი წარმომადგენლის თანახმად, არსებობს აზრი, რომ „განსაკუთრებით სკანდალური ხალხი“ დეპუტატის მანდატის დაკარგვის შემდეგ საომრად გაიწვიონ.

XS
SM
MD
LG