გამომცემლობა The Insider-მა გამოაქვეყნა სტატია კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ახლო წარსულზე. სტატიის თანახმად, 2019 წელს, პეტერბურგში ცხოვრების დროს, პრიგოჟინი სისტემატურად სარგებლობდა ფასიანი სექსუალური მომსახურებით. ის ირჩევდა “სრულწლოვანების ზღვარზე მყოფ” გოგოებს - როგორც სტატიაშია აღნიშნული, ხშირად ქალწულებს.
ჟურნალისტები ჰყვებიან ერთ-ერთი გოგოს ნაამბობს, რომელმაც პრიგოჟინს ქალიშვილობა 40 ათას რუბლად “მიჰყიდა”. მისი სიტყვებით, სპეციალურად სექსუალური ურთიერთობისთვის პეტერბურგში, ვასილევსკის კუნძულზე, სასტუმრო Solo Sokos Hotel Vasilievsky-ში, ბიზნესმენი რამდენიმე ნომერს იღებდა.
The Insider-ის წყარო ამტკიცებს, რომ პრიგოჟინი ათეულობით ქალის სექსუალურ მომსახურებას ყიდულობდა - ბევრი მათგანი დიდი ხნით სახლდებოდა სასტუმროს იმ ნომრებში, რომელთა საფასურსაც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი იხდიდა.
რესპონდენტი ასევე ჰყვება, რომ პრიგოჟინთან შეხვედრამდე გოგოებს სამედიცინო გამოკვლევა უნდა გაევლოთ კლინიკა “სოგაზში”, რათა დოკუმენტურად დადასტურებულიყო მათი ქალიშვილობა.
The Insider-ის პუბლიკაცია ფაქტობრივად ადასტურებს რადიო თავისუფლების გამოძიებას, რომელიც 2021 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
ამ სტატიაში აღწერილი იყო, ერთმანეთთან როგორ არიან დაკავშირებული სანქტ-პეტერბურგში სამედიცინო ცენტრ “სოგაზის” ექიმები ვლადიმირ პუტინის უფროს ქალიშვილთან, მარია ვორონცოვასთან და პრეზიდენტის ძმისშვილთან, მიხაილ შელომოვთან.
ამ კლინიკაში მკურნალობდნენ პუტინთან დაახლოებულ ადამიანებს, მათ შორის იური კოვალჩუკის ოჯახს, კოოპერატივ “ოზეროს” თანადამფუძნებელ სერგეი ფურსენკოს, ფედერაციის საბჭოს სპიკერს, ვალენტინა მატვიენკოს და ასევე თავად პრიგოჟინს (ის კლინიკაში სხვისი სახელით იყო ჩაწერილი). გამოკვლევებს უტარებდნენ ასევე ელიტარულ “ესკორტებს”. ისინი გინეკოლოგის რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ, ასევე იტარებდნენ კვლევებს აივ/შიდსზე, სიფილისსა და ჰეპატიტზე, ზოგიერთი კი დოკუმენტურად აფიქსირებდა, რომ ქალიშვილი იყო.
The Insider-ის სტატიაში პრიგოჟინის კომენტარი არ არის. Პრიგოჟინი, რომელიც ძალიან აქტიურობდა მედიაში, უკვე თვეზე მეტია, არ გამოჩენილა საზოგადოებაში.
- ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი 2011 წლიდან მთელი რუსეთის მასშტაბით ამარაგებდა საგანმანათლებლო, სამედიცინო და სამთავრობო დაწესებულებებს. ათი წლის განმავლობაში პრიგოჟინთან დაკავშირებულმა ბიზნესორგანიზაციებმა ასობით მილიარდი რუბლის ღირებულების სახელმწიფო კონტრაქტებს მოაწერეს ხელი. ბიზნესმენის სახელს ასევე უკავშირებენ სანქტ-პეტერბურგში ხელისუფლების მომხრე ბლოგერების ჯგუფს, ე.წ. "ტროლების ქარხანას".
- გარდა ამისა, პრიგოჟინი არის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი და სპონსორი. ეს კომპანია მონაწილეობს სამხედრო ოპერაციებში უკრაინაში, სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერის” მებრძოლები ეჭვმიტანილი არიან მრავალრიცხოვან სამხედრო დანაშაულში. გასული წლის ივნისში მედიაში გამოქვეყნდა სასამართლო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდა, რომ ევგენი პრიგოჟინი 1980-იან წლებში ყაჩაღობის, ძარცვისა და თაღლითობისთვის იყო ნასამართლევი. შეერთებულ შტატებში პრიგოჟინს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობაში ადანაშაულებენ, ის სანქციებირებულთა სიაშია შეყვანილი.
- 2023 წლის 23 ივნისს ევგენი პრიგოჟინმა და მისმა დაქვემდებარებულმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერმა“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეიარაღებული აჯანყება სცადეს. ათასობით შეიარაღებული ვაგნერელი დონის როსტოვისკენ დაიძრა, მეორე კოლონა კი მოსკოვისკენ მიემართებოდა.“ვაგნერის” მებრძოლებმა დღის განმავლობაში მოახერხეს 780 კილომეტრის დაფარვა, ფაქტობრივად, წინააღმდეგობის გარეშე. პარალელურად ჩამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი, რომლებიც, პრიგოჟინის თქმით, კოლონების დაბომბვას ცდილობდნენ. დაიღუპა რამდენიმე თვითმფრინავის ეკიპაჟი.
- რუსეთის პრეზიდენმა ვლადიმირ პუტინმა კერძო სამხედრო კომპანია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა. კომპანიის ხელმძღვანელის წინაღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შეიარაღებული აჯანყების ბრალდებით. თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა პრიგოჟინსა და ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას შორის მოლაპარაკებების შესახებ. შედეგად, “ვაგნერის” სამხედრო დანაყოფების წინსვლა მოსკოვისკენ შეჩერდა. თავად პრიგოჟინი კი, შეთანხმების მიხედვით, ბელარუსში უნდა წასულიყო. ამის სანაცვლოდ ვლადიმირ პუტინი მას დაჰპირდა აჯანყებულთა დევნის შეწყვეტას. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პრიგოჟინი მშვიდად გადაადგილდებოდა რუსეთში. ივნისის ბოლოს ის და მისი სამხედროები კრემლში ვლადიმირ პუტინს შეხვდნენ.