Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს


კორვეტ "სერგეი კოტოვის" ჩაშვება წყალში. ქერჩი, 29 იანვარი, 2021.
კორვეტ "სერგეი კოტოვის" ჩაშვება წყალში. ქერჩი, 29 იანვარი, 2021.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საპატრულო გემ „სერგეი კოტოვს“ უპილოტო კატარღები დაესხნენ თავს. იუწყებიან, რომ თავდასხმა განხორციელდა შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სევასტოპოლიდან 370 კილომეტრში.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კორვეტს უკრაინის არმია დაესხა თავს. როგორც იტყობინებიან, „სერგეი კოტოვი“ „ნავიგაციის კონტროლის ამოცანებს“ ასრულებს, რაც, კერძოდ, შეიძლება ნიშნავდეს მის მონაწილეობას უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკადაში. აცხადებენ, რომ თავდასხმაში ორი დრონი მონაწილეობდა და ორივე განადგურდა.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გაუკეთებიათ კომენტარი სავარაუდო თავდასხმაზე. უკრაინულმა უპილოტო კატარღებმა რამდენჯერმე მიიტანეს იერიში რუსეთის სამხედრო ბაზაზე სევასტოპოლში, ანექსირებულ ყირიმში. მაისში შავ ზღვაში თავს დაესხნენ საკომუნიკაციო გემ „ივან ხურსს“, ივნისის დასაწყისში - სადაზვერვო ხომალდ „პრიაზოვიეს“.

"სერგეი კოტოვი" რუსეთის საზღვაო ძალების ერთ-ერთი უახლესი გემია. მისი მშენებლობა 2016 წელს დაიწყო ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში და ფლოტს გადაეცა 2022 წლის ივლისში, დაგეგმილზე ოთხი წლით გვიან.

პროექტ 22160-ის გემების სერიის მშენებლობა გაჭიანურდა, ვინაიდან საჭირო გახდა გემების მთავარი ენერგეტიკული დანადგარის შემცვლელის იმპორტირება. თავდაპირველად გემები გერმანული კომპანია MAN-ის ძრავებით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, თუმცა სანქციების დაწესების გამო ისინი მიწოდებულ იქნა სერიის მხოლოდ მეწინავე გემის, „ვასილი ბიკოვისთვის“. გემი უკრაინის ომში მონაწილეობს.

XS
SM
MD
LG