რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს რუსეთში სქესის შეცვლას - ტრანსგენდერულ ცვლილებას.
დოკუმენტი გამოქვეყნებულია იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე. კანონი მოქმედებს გამოქვეყნების დღიდან.
კანონის თანახმად, რუსეთში აკრძალული იქნება ოპერაცია და ჰორმონალური თერაპია, როგორც „ტრანსგენდერული ტრანზიციის“ ნაწილი. ისინი დაიშვება მხოლოდ „ბავშვებში სქესის ფორმირების თანდაყოლილი ფიზიოლოგიური ანომალიების სამკურნალოდ“. საამისოდ საჭირო იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება ჯანდაცვის სახელმწიფო უწყების კომისიისგან.
გარდა ამისა, აიკრძალა საბუთებში სქესის მარკერის შეცვლა, თუნდაც „გადასვლა“ საზღვარგარეთ მოხდეს. პირებს, რომლებსაც შეცვლილი აქვთ სქესი, ეკრძალებათ ორივე სქესის შვილის აყვანა, დაუშვებელია მათთვის მეურვის სტატუსის მინიჭება.
სახელმწიფო ასევე აუქმებს ქორწინებას, თუ ერთ-ერთ მეუღლეს უკვე აქვს „ტრანსგენდერული ტრანზიცია“.
• 2022 წლის დეკემბრიდან რუსეთში აკრძალულია ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერობის შესახებ დადებითი ინფორმაციის გავრცელება. ამ წესის დამრღვევებს ეკისრებათ ჯარიმები: მოქალაქეებს 400 ათას რუბლამდე და ორგანიზაციებს - ხუთ მილიონ რუბლამდე.