Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ცხინვალში გადაიდო დაკავებული პეტრიაშვილის და ბასანიძის  სასამართლო პროცესები


ლევან პეტრიაშვილის დედა ერგნეთის შეხვედრაზე
ლევან პეტრიაშვილის დედა ერგნეთის შეხვედრაზე

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სასამართლო პროცესები 19 ივლისის ნაცვლად 25 ივლისს გაიმართება. დაკავებულთა ოჯახების წევრებისთვის პროცესების გადადების მიზეზი უცნობია.

ლევან პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პროცესის გადადების შესახებ ცხინვალის ციხიდან ოჯახის წევრებს თავად ლევან პეტრიაშვილმა აცნობა.

ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ლევან პეტრიაშვილს და მის მეგობარს არჩილ ბასანიძეს წინასწარი პატიმრობა 29 მაისს შეუფარდა. მას შემდეგ ისინი კიდევ ერთი პროცესის გამართვას ელოდებიან.

ერგნეთის მცხოვრები ლევან პეტრიაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 15 მაისს დააკავეს. მეორე დღეს, 16 მაისს, პეტრიაშვილის მეგობარი, სოფელ მეღვრეკისის მცხოვრები არჩილ ბასანიძე, მეგობრის გამო ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდა და ისიც ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

ლევან პეტრიაშვილმა ოჯახთან დაკავშირება ცხინვალის ციხიდან პირველი სასამართლო პროცესის შემდეგ შეძლო და ნათესავებს აცნობა, რომ პატიმრობა შეუფარდეს.

ოჯახის ახლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ პეტრიაშვილმა ცოტაოდენი ფული და ტანსაცმელი მოითხოვა. „ოჯახის წევრებს უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობს. ვიდეოზარით დარეკა, გაპარსული იყო და ნორმალურად გამოიყურებოდა. მისგან გავიგეთ, რომ არჩილ ბასანიძესაც ერთთვიანი პატიმრობა შეუფარდეს. როგორც გვითხრა, „საზღვრის დარღვევის" ბრალდება წაუყენეს“, - გვითხრა პეტრიაშვილის ოჯახის ახლობელმა.

პეტრიაშვილის დედა, ალა დოიჯაშვილი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 3 ივლისს გამართული შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს ირაკლი ანთაძეს შეხვდა და მისგან შეიტყო, რომ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი 19 ივლისს უნდა გამართულიყო. ახლა უკვე ცნობილია, რომ პროცესი 25 ივლისს უნდა გაიმართოს.

სუს-ის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ამჟამად საქართველოს 8 მოქალაქე იმყოფება.

XS
SM
MD
LG