Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ


საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა
საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უზბეკეთის პრემიერ-მინისტრ აბდულა არიპოვს შეხვედრა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების არსებობას", - წერია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უზბეკ კოლეგას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის.

"შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. აღნიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთის რესპუბლიკა სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან და ამ მიმართულებით ქვეყნებს შორის კიდევ მეტი პოტენციალი არსებობს. ისაუბრეს უზბეკეთის მხრიდან საქართველოში სხვადასხვა სფეროში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ", - აღნიშნავენ პრესსამსახურში.

საქართველოსა და უზბეკეთის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და უზბეკეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმას.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი აბდულა არიპოვი დღეს, 17 ივლისს, ჩამოვიდა. უზბეკეთში საქართველოს ელჩის, ზურაბ აბდუშელიშვილის თქმით, ბოლო 20-25 წლის განმავლობაში უზბეკეთიდან საქართველოში ასეთი მაღალი დონის ვიზიტი არ ყოფილა.

XS
SM
MD
LG