Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტზე ილაპარაკა


„ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.
„ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

ზურაბ ჩხაიძემ, რომელიც „ვივამედის" კლინიკური დირექტორია, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის" ეთერში ილაპარაკა პატიმრობაში მყოფ ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ.

ჩხაიძემ უპასუხა შეკითხვას, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის კლინიკიდან ფარულად გატანის მცდელობის შესახებ - თუკი ექიმებს ნიმუშების აღების ნებართვა ჰქონდათ, რა ნიმუშები გაჰქონდა ერთ-ერთ მათგანს? „შემიძლია დაგიდასტუროთ ეს ფაქტი, როცა კოლეგები შემოვიდნენ კლინიკაში, ჩვენ ფაქტობრივად, რვა საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით ერთად. თუმცა, იმ მომენტში, როცა მათივე ინიციატივით მოხდა ნიმუშების აღება, ეს ფაქტი არ მინახავს. როცა უკვე გავიგეთ, რომ მათთვის საინტერესო იყო და ნიმუშების აღება აინტერესებდათ, ამისთვის გარკვეული წესი არსებობს. პირველ რიგში, ამას უნდა ესწრებოდნენ სხვა ექიმებიც, სხვა თანამშრომლებიც, ეს უნდა მოხდეს სრული წესის დაცვით, უნდა დაილუქოს ყველას თანდასწრებით, ხელი უნდა იყოს ყველას თანდასწრებით მოწერილი, რაც შემდეგში გაკეთდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იქამდე ეს მცდელობა იყო მათი მხრიდან, ამ ნიმუშის არალეგალურად აღების, თუ გატანის. უფრო კონკრეტულ ინფორმაციას, ალბათ, პენიტენციური სამსახური მოგაწვდით“, - უპასუხა ჩხაიძემ.

ზურაბ ჩხაიძემ დაასახელა ლეგალური გზით აღებული ნიმუშები: „პენიტენციური დაწესებულებიდან იყო ნებართვა და მათ მოითხოვეს ფრჩხილის, თმის და ასევე, წარბის ნიმუში, რომელიც ჩვენი თანდასწრებით, ლეგალურად იქნა აღებული, კონვერტში მოთავსებული და ხელწერებით იქნა გამზადებული, რომელიც მათ შემდეგში, პენიტენციური დაწესებულების თანხმობით გაიტანეს კლინიკიდან. ეს ინციდენტი რატომ მოხდა, მართალი გითხრათ, ჩემთვის გაუგებარია, არავინ წინააღმდეგი არ იყო, რომ მათ რამე ნიმუში ოფიციალურად აეღოთ, რატომ მოხდა ეს ინციდენტი, რა იყო ამის მიზანი, ვერ გიპასუხებთ. იქამდე თუ ჰქონდათ ამის არალეგალურად გაკეთების მცდელობა, მიზანი რა იყო, ჩემთვის ეს გაუგებარია ადამიანურად და ძალიან ვწუხვარ, რომ მსგავსი ინციდენტი მოხდა მათი მხრიდან“.

14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც, მისივე განცხადებით, ასახულია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, კლინიკა „ვივამედიდან" პოლონელი ექიმების გამოსვლა. ამავე თემაზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პოლონელი ექიმი ცდილობდა სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის ფეხსაცმლის მეშვეობით, მალულად გატანას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი საგარეო უწყებას მიმართავს, რომ დაინტერესდეს ინციდენტის შესახებ პოლონეთის საელჩოს პოზიციით.

„გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორიც, მივმართავთ თხოვნით, საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით", - განაცხადა ბრეგაძემ.

12 ივლისს პოლონელი მედიკოსების 5-წევრიანი ჯგუფი კლინიკა „ვივამედში“, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილთან იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG