რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა სოჭიდან თბილისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 თბილისის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:40 საათზე დაეშვა. დღეს დილით ავიაკომპანიამ პირველი რეისი შეასრულა მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებითაც.
ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.
ამას გარდა, რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირ, ყოველდღიურ ავიარეისებს ასრულებენ ავიაკომპანიები „აზიმუტი“ (მოსკოვი-თბილისი-მოსკოვი) და „ჯორჯიან ეარვეისი“ (თბილისი-მოსკოვი-თბილისი).
მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.
რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.
რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.