Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსულმა Red Wings-მა მოსკოვი-ქუთაისის პირველი რეისი შეასრულა


Red Wings-ის თვითმფრინავი
Red Wings-ის თვითმფრინავი

რუსულმა Red Wings-მა მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ავიაკომპანიამ საქართველოში ფრენების ნებართვა მაისში მიიღო, მაგრამ რეისების განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო.

10 ივლისს, საღამოს, ქუთაისის აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო რეისი არ შესრულდა. აეროპორტი თვითმფრინავებს უამინდობის გამო ვერ იღებდა - მის ერთ დარბაზში ჭერი ჩამოინგრა, ზოგი დარბაზი კი დაიტბორა.

რუსული ავიაკომპანიის თვითმფრინავი Sukhoi Superjet 100 მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტიდან დღეს დილით გამოფრინდა და პორტალის, Flightradar-ის მონაცემების თანახმად, ქუთაისში თბილისის დროით 10:44 საათზე დაფრინდა.

დღეს, 11 ივლისს, Red Wings-მა სოჭი-თბილისი-სოჭის მიმართულებითაც უნდა შეასრულოს რეისი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა რამდენიმე საათში განაახლა სამშაბათს ღამით ძლიერი წვიმის გამო შეჩერებული მუშაობა.

მიმდინარე წლის 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

დასავლეთის ბევრი ქვეყანა, მათ შორის აშშ, რუსულ თვითმფრინავებს საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას უკრძალავს და აშშ შეაშფოთა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისების განახლებამ, რადგან ამან შესაძლოა, სანქციების რისკი შეუქმნას კომპანიებს საქართველოს აეროპორტებში.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.

საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა დადებითად აისახება რუსეთში მცხოვრებ მილიონამდე თანამემამულეზე და საქართველოს ეკონომიკაზეც და რომ საქართველოს ბაზარზე არ დაიშვებიან უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დასავლეთის მიერ სანქცირებული ავიაკომპანიები და მათი თვითმფრინავები.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებაზე საქართველოს მთავრობის თანხმობას მწვავედ აკრიტიკებს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა დიდი ნაწილი. მათი განცხადებით, "ქართული ოცნების" მთავრობის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, გამოიწვიოს საქართველოს აეროპორტების წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ოპონენტები მთავრობას ადანაშაულებენ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებაში.

XS
SM
MD
LG