Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: უკრაინამ 5 კვირაში დაიბრუნა თითქმის იმდენი ტერიტორია, რამდენიც რუსეთმა 6 თვეში დაიპყრო


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები ბახმუტის მახლობლად
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციები ბახმუტის მახლობლად

უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განაგრძობენ შეტევას რუსეთის საოკუპაციო ძალების პოზიციებზე. მათ შორის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან.

ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის(ISW) შეფასებით, უკრაინელი სამხედროების მიერ ბახმუტის რაიონში ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერაცია მიმართული იყო ქალაქსა და მის ფლანგებზე მყოფი რუსული ძალების ალყაში მოქცევისკენ. ამერიკელი ექსპერტები უკრაინული და რუსული წყაროებით გავრცელებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ უკრაინა პოზიციებს იმყარებს ბახმუტის რაიონში და მის სამხრეთ-დასავლეთ ფლანგებზე, მათ შორის საცეცხლე უპირატესობისთვის საჭირო სპეციფიკურ რელიეფზე.

ISW კრემლის მხარდამჭერი სამხედრო ბლოგერების მიერ საჯაროდ გამოთქმული შეშფოთების საფუძველზე ვარაუდობს, რომ უკრაინის კონტრშეტევა რეალურ საფრთხეს უქმნის რუსეთის მიერ ბახმუტის შენარჩუნებას, თუმცა, ქალაქის გათავისუფლებაზე საუბარი ნაადრევია.

რუსეთმა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე კონტროლი მრავალთვიანი ბრძოლის შემდეგ, 2023 წლის მაისში დაამყარა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეშვეობით. „ვაგნერელებმა“ ბახმუტი ივნისის დასაწყისში დატოვეს, ივნისის ბოლოს კი, ამბოხება მოაწყვეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, 4 ივნისიდან, კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 253კმ² ტერიტორია, მაშინ, როცა 1 იანვრიდან რუსეთის ძალებმა დაიკავეს 282კმ².

შესაბამისად, უკრაინელებმა ხუთ კვირაში გაათავისუფლეს თითქმის იმდენივე, რამდენიც რუსებმა დაიპყრეს ექვსი თვის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG