Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ და დუდამ ნატოს სამიტის საკითხები შეათანხმეს


პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ლუცკში. 9 ივლისი, 2023 წელი
პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა ქალაქ ლუცკში. 9 ივლისი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ „ხანმოკლე, მაგრამ არსებითი დისკუსია“ ჰქონდა პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, ვილნიუსში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით.

„შევთანხმდით, ვიმუშაოთ ერთად, უკრაინისთვის საუკეთესო შედეგის მისაღებად“, - აღნიშნავს ზელენსკი ტვიტერზე. მისი ინფორმაციით, შეხვედრა უკრაინის ქალაქ ლუცკში გაიმართა.

ანჯეი დუდა ტვიტერზე წერს, რომ პოლონეთთან მოსაზღვრე ვოლინის ოლქის ქალაქ ლუცკში უკრაინის პრეზიდენტთან ერთად პატივი მიაგო „სისხლიანი კვირის“ [ვოლინის ტრაგედიის] ყველა უდანაშაულო მსხვერპლს და დაღუპულ პოლონელებს. „მეხსიერება ჩვენ გვაერთიანებს. ერთად ჩვენ უფრო ძლიერი ვართ“, - წერს პოლონეთის პრეზიდენტი.

ქუჩაში გამოსული უკრაინელები ანჯეი დუდას დახმარებისთვის მადლობას ხმამაღალი შეძახილებით უხდიდნენ.

პოლონეთსა და უკრაინას შორის წარსულში არაერთხელ იქცა სადისკუსიო თემად უკრაინელი ნაციონალისტი იდეოლოგი სტეპან ბანდერა, რომელსაც ვარშავაში მიიჩნევენ ვოლინის 1943 წლის ტრაგედიის მთავარ ორგანიზატორად. ამ მოვლენას პოლონეთში პოლონური მოსახლეობის გენოციდად თვლიან.

XS
SM
MD
LG