შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ „პრაიდ ფესტივალის“ საწინააღმდეგო ანტილგბტ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მათ ხალხის მასა ვერ შეაკავეს და ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია გახდა საჭირო.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დილიდან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, საპატრულო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მაგრამ იქ მივიდნენ „საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეები“, რომლებმაც მოახერხეს შემოვლითი გზებით შეეღწიათ ტერიტორიაზე და გაერღვიათ კორდონები:
„ყველა აქციაზე შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი. რადგან ეს არის გაშლილი ტერიტორია, მათ მოახერხეს შემოსულიყვნენ, თუმცა ჩვენ მოვახერხეთ, რომ ფესტივალის ყველა მონაწილე უსაფრთხოდ გაგვეყვანა ტერიტორიიდან“, - თქვა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისი სიტყვებით, ახლა პოლიცია ადგილზე ვითარების დასტაბილურებას ცდილობს.
პოლიციას ანტილგბტ აქციის მონაწილეების შესაკავებლად რაიმე სპეციალური საშუალებები არ გამოუყენებია.
ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა კი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. მათ „პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერმა ზურაბ მახარაძემ მომხდარი „გამარჯვებად“ შეაფასა და თქვა:
"ახლა მთავარია, ჩვენიანები არ დავაჭერინოთო".
"გამარჯვება არის გაფორმებული", - ეს სიტყვები კი ჰომოფობიური აქციის კიდევ ერთ ორგანიზატორსა და მონაწილეს, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელს ვატო შაქარიშვილს ეკუთვნის.
„თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ.
თავის მხრივ, შსს-ც აცხადებდა, რომ მიიღებდა ყველა შესაბამის ზომას, რათა ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარებულიყო და პირობას დებდა, რომ დაიცავდა თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, რომელიც არ გასცდებოდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.
მაგრამ 8 ივლისს, მას შემდეგ, რაც ჰომოფობიურად განწყობილმა აქციის მონაწილეებმა ფესტივალის ჩატარების ადგილს ალყა შემოარტყეს, "პრაიდ ფესტივალის" მონაწილეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.