ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირადად გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომ თავი შეიკავოს უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებისგან, წერს ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი ჩინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით. მათ შორის არიან თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ჩინეთის მთავრობის მაღალი რანგის მრჩეველი.
მათი თქმით, ასეთი განცხადება სი ძინპინმა გააკეთა ჯერ კიდევ მარტში მოსკოვში ვიზიტისას. ბირთვული იარაღით რუსეთის მუქარასთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ასევე დაფიქსირებულია უკრაინის თაობაზე ე.წ. სამშვიდობო გეგმაში, რომლის ინიციატივითაც გამოვიდა პეკინი, მაგრამ გეგმას გაგრძელება არ მოჰყოლია.
კრემლის სპიკერი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა ბრიტანული გაზეთის ანგარიშს და მას გამონაგონი უწოდა. მისი თქმით, არანაირი პირადი გაფრთხილება არ ყოფილა.
პეკინს სურს მიიწეროს დამსახურება ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებისთვის და იმედოვნებს, რომ ამას მიაღწევს გავლენით, რომელიც კრემლზე მოეპოვება, მიიჩნევს FT.
კიევის დასავლელ პარტნიორებს არა აქვთ იმის თაობაზე ილუზია, თუ რომელ მხარეს არის ჩინეთის სიმპათიები, ითვალისწინებენ რა რუსეთთან მის ხანგრძლივ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ გაძლიერდა.
პეკინი ღიად არ აკრიტიკებს მოსკოვს უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო და არაერთხელ განუცხადებია, რომ კონფლიქტი კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდების გამო ჭიანურდება.
მაგრამ, ამავე დროს, დასავლეთი მხარს უჭერს ჩინეთის ლიდერის ძალისხმევას ბირთვული შეკავების სფეროში.
მარტში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ სი ძინპინის ქმედებები „ამცირებს ბირთვული ომის რისკს“.
Financial Times-ის დასავლური წყაროები მიიჩნევენ, რომ რუსეთზე ზეწოლით ჩინეთი მოელის ევროპასთან ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებას, რაც მის ეკონომიკურ ინტერესებში შედის.
როგორც FT-ის განუცხადა წყარომ ვაშინგტონში, თავის მხრივ რუსეთი იმედგაცრუებულია თავისი მოკავშირის ამ პოზიციით. მას ჩინეთის ბევრად მეტი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა.
როგორც Financial Times-ი წერს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გააფრთხილეს რუსეთი, რომ მოსკოვის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში ისინი კონვენციური იარაღით განახორციელებენ იერიშს რუსეთის წინააღმდეგ. ამ გაფრთხილების შემდეგ ვლადიმირ პუტინმა შეწყვიტა ბირთვული რიტორიკა და რამდენიმე თვის განმავლობაში აღარ უხსენებია ეს საკითხი.
გაზეთს მოჰყავს კრემლთან დაახლოებული პირების სიტყვები იმის თაობაზე, რომ რუსეთის ლიდერმა დამოუკიდებლად გადაწყვიტა, უარი ეთქვა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ვინაიდან ეს რუსეთს სარგებელს არ მოუტანს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიაში.