Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა მსოფლიოს აფრთხილებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ


ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოს მოუწოდებს დროული რეაგირებისკენ საფრთხეზე, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ემუქრება. წუხანდელ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მიზანი შესაძლოა, იყოს სადგურზე დარტყმის იმიტირება ან რაიმე სხვა სცენარი. ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს და შეუძლებელია არ ხედავდეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კახოვკის ჰესის წინააღმდეგ ტერაქტზე დროული და მასშტაბური რეაქცია არ ყოფილა, რამაც კრემლს შესაძლოა, ახალი ბოროტებისკენ უბიძგოს და მისი შეჩერება მთელი მსოფლიოს ვალდებულებაა, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს.

4 ივლისს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააფრთხილა საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციების მზადების შესახებ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, თუმცა, უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.

გენშტაბის განცხადებით, მტერს პროვოკაცია არ გაუვა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, სიტუაციას აკვირდებიან და აკონტროლებენ და მზად არიან ნებისმიერ პირობებში მოქმედებისთვის.

4 ივლისს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის" ეთერში განაცხადა, რომ 5 ივლისს უკრაინის არმია შეეცდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შეუტიოს შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით და უპილოტო საფრენი აპარატებით.

  • ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
  • ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
  • ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
  • ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის "ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება".
XS
SM
MD
LG