Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძის თქმით, 2021 წლის 5 ივლისის მოვლენებს სამართლებრივად ორგანიზატორი არ ჰყავდა


"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს "სამართლებრივად" ორგანიზატორი არ ჰყავდა და ძალადობა "სპონტანური" იყო.

5 ივლისიდან ორ წლისთავზე, კობახიძე ჟურნალისტებს უხსნის, რომ დანაშაულის ორგანიზება სამართლებრივი კატეგორიაა და ვინც 5 ივლისის ორგანიზატორების დასჯაზე საუბრობს, უნდა თქვას, სამართლებრივად ვინ იყო ორგანიზატორი.

მანვე 2021 წლის 5 ივლისს ძალადობისკენ მოწოდება მიმდინარე წლის 7-9 მარტის აქციებს შეადარა და თქვა, რომ როცა "ძალადობრივი შტურმი ხორციელდებოდა პარლამენტზე, მაშინ მოუწოდეს ადამიანებს, ალყა შემოერტყათ პარლამენტზე, რასაც მოჰყვა პირდაპირი ძალადობრივი აქტები". კობახიძის თანახმად, ასეთი დაბალი სტანდარტით, დასაჭერია პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და ოპოზიციის სხვა ლიდერები.

"დანაშაულის ორგანიზატორი ნიშნავს რას? მაგალითად, კოკა მორგოშიას რომ მოეწოდებინა კონკრეტული ადამიანებისთვის, წადით ამ და ამ ადგილას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეთ ამ და ამ ადამიანებს", - განმარტავს ის. ჟურნალისტის კომენტარზე, რომ იმ დღეს მსგავსი მოწოდებები იყო და ამის ამსახველი ვიდეოებიც არსებობს, კობახიძე იმეორებს: "მსგავსი არ ყოფილა" და რომ კოკა მორგოშიამ 5 ივლისს გიორგი ვაშაძის მსგავსი მოწოდება გააკეთა: "ანუ თუ მორგოშია დასაჭერია, როგორც ორგანიზატორი, მაშინ ვაშაძე კიდევ უფრო მეტად დასაჭერია".

ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე 8 მარტს, დაახლოებით 22:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ ათასობით ადამიანს მოუწოდა, პარლამენტის შენობისთვის ალყა შემოერტყათ.

"გთავაზობთ მშვიდობიანად შემდეგი ნაბიჯის გადადგმას - ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად. მოვუწოდებ პოლიციას, არ დაუპირისპირდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში დაიწყო აქციის მონაწილეებსა და საპოლიციო ძალებს შორის დაპირისპირება. მოქალაქეების ნაწილმა დააზიანა ინფრასტრუქტურა, საპოლიციო ძალებმა კი გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი აირი.

2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის დროს 56 ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 47 ჟურნალისტი.

გამოცემა "პუბლიკის" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოკადრებში ასახულია ის მოვლენები, რაც იმ დღეს, 5 ივლისს, "სირცხვილიას" ოფისზე თავდასხმამდე და მის შემდეგ მოხდა. ვიდეოში კოკა მორგოშია პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართავს:

"ახლა მოვიდა ჩვენთან ინფორმაცია, რომ აი, აქ, ინგოროყვას ქუჩაზე, სადაც უშიშროების შენობაა, ამის წინ არის "სირცხვილიას" ოფისი, სადაც ეს მართლა "სირცხვილია ხალხი", მაქარაშვილები და ვიღაც მაიმუნები, წნეხის ქვეშ ამყოფებენ ამ "ლგბტ პრაიდის" ორგანიზატორებს, რომ, გინდა თუ არა, უნდა გამოვიდნენ რუსთაველზე. ახლა ყოველგვარი ქაოსის გარეშე, დაახლოებით, 500-600 კაცი გამოვეყოთ ქუჩის აქეთა მხარეს და დავიძრათ მაგათი ოფისისკენ. არ ავირიოთ, 500 კაცი პირველი სკოლის ეზოში გადმომყვეს მე".

კოკა მორგოშიას ამ მოწოდებიდან რამდენიმე წუთში, "სირცხვილიას" ოფისთან ძალადობრივი ჯგუფის ასეულობით წარმომადგენელი შეიკრიბა და შენობას ქვები დაუშინა, ისმოდა გინება. მათმა ნაწილმა სადარბაზოში შესვლა მოახერხა, სადაც "ტვ პირველის" ოპერატორ ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"თბილისი პრაიდისა" და "ღირსების მარშის" მოწინააღმდეგე ჯგუფებმა შეკრება 2021 წლის 5 ივლისამდე დააანონსეს. მათივე არხებზე, საჯარო გამოსვლებში, ისინი მუქარის შემცველ განცხადებებს აკეთებდნენ.

2021 წლის 5 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში პოლიციამ 50-ზე მეტი ადამიანის ცემისთვის და ორი ორგანიზაციის ოფისების დარბევისთვის 31 ადამიანი დააკავა. მათ უმეტესობას მინიმალური სასჯელი შეეფარდა, ნაწილი უკვე თავისუფალია. ამ დრომდე დაკავებული არ არის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი. თავდასხმის ერთ-ერთი მსხვერპლი, "TV პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, 2021 წლის 11 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
XS
SM
MD
LG