4 ივლისის დილით უცნობმა პირებმა სასტიკად სცემეს გროზნოს აეროპორტიდან ჩეჩნეთის დედაქალაქისკენ მიმავალ „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტ ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს. ეს უკანასკნელი არის ჩეჩნეთის ყოფილი მოსამართლის, საიდ იანგულბაევის მეუღლისა და ჩეჩენი აქტივისტების, აბუბაქარ და იბრაგიმ იანგულბაევების დედის, ზარემა მუსაევას ადვოკატი. გროზნოში დღეს სასამართლოს უნდა გამოეტანა განაჩენი ზარემა მუსაევასთვის, რომელსაც პოლიციელის შეურაცხყოფაში ედება ბრალი.
ამ პროცესის გასაშუქებლად ჩაფრინდა ჩეჩნეთში "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტი მილაშინა, რომელიც ადვოკატ ნემოვთან ერთად სასამართლოში მიდიოდა.
მათზე თავდასხმა აეროპორტიდან გროზნოსკენ მიმავალ გზაზე მოხდა. ადვოკატის მანქანას, რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, გზა გადაუჭრა შეიარაღებული პირებით სავსე სამმა ავტომობილმა. შეიარაღებულებმა სასტიკად სცემეს ადვოკატს და ჟურნალისტს (თავებზე მიადეს იარაღები და მოკვლით დაემუქრნენ), გაანადგურეს ტექნიკა,
მილაშინას აქვს ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, გადამტვრეული აქვს თითები. თავდამსხმელებმა მას თმები გადაპარსეს და მწვანე სითხე გადაასხეს.
სასტიკად არის ნაცემი ნემოვიც, რომელიც ფეხში, სავარაუდოდ, დანით არის დაჭრილი. დაზიანებების მიუხედავად, როგორც ამბობენ, ნემოვი სასამართლოში მონაწილეობას მაინც გეგმავს.
როგორც მოგვიანებით "წამების წინააღმდეგ გუნდის" თავმჯდომარემ, სერგეი ბაბინეცმა განაცხადა, ცემის მიზეზი ადვოკატისა და ჟურნალისტის საქმიანობა იყო - თავდამსხმელებმა გაიხსენეს ყველა ის საქმე, რომლებშიც ისინი მონაწილეობდნენ ან აშუქებდნენ.
- ელენა მილაშინა მრავალი წლის განმავლობაში წერს ჩეჩნეთის შესახებ, არის ბევრი პუბლიკაციის ავტორი, რომლებშიც აკრიტიკებს რამზან კადიროვის მიერ რესპუბლიკაში დამყარებულ რეჟიმს. იანვრის ბოლოს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა მილაშინას მასალები კადიროვის კრიტიკოსების, იანგულბაევების ოჯახის დევნისა და მათი დევნილობაში ცხოვრების შესახებ.
- 2022 წლის თებერვალში, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებამდეც კი, ჟურნალისტმა ელენა მილაშინამ დროებით დატოვა რუსეთი ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის მუქარის გამო. იანვრის ბოლოს რამზან კადიროვმა თავის ტელეგრამის არხზე სამართალდამცავ ორგანოებს ჟურნალისტის დაკავებისკენ მოუწოდა.