Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"12-ვე პრიორიტეტი პრინციპულად შევასრულეთ" - კობახიძემ ევრორეკომენდაციების შესრულების ანგარიში წარადგინა


ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მედიას გააცნო, რა გააკეთეს ხელისუფლებამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად. პრესკონფერენციას, რომელზეც მან ანგარიში წარადგინა, მხოლოდ ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ დაშვებული.

კობახიძის თქმით, ხელისუფლებამ "პრინციპულად" შეასრულა ევროკომისიის 12-ვე პრიორიტეტი.

"არის რამდენიმე თვე და ამ დროში პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს. მზად ვართ კონსულტაციებისთვის 3 სფეროში (სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, "მანივალის" რეკომენდაციები [კანონმდებლობის დახვეწა ფინანსური დანაშაულისა და ფულის გათეთრების კუთხით - რ.თ.]) კანონმდებლობასთან დაკავშირებით.

შინაარსს თუ ჩავუღრმავდებით, კარგად ჩანს, რომ პრიორიტეტები პრინციპულად შევასრულეთ. შარშანაც ვიყავით მზად, რომ მოგვნიჭებოდა კანდიდატის სტატუსი. ამ შემთხვევაში საბაბიც არ არსებობს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს იგი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრეზენტაციაზე მან თორმეტივე რეკომენდაცია ცალ-ცალკე განიხილა და ჩამოთვალა ის საკანონმდებლო ცვლილებები, რითაც, მისი აზრით, კონკრეტული პრიორიტეტის შესასრულებლად გადაიდგა ნაბიჯები.

N1 დეპოლარიზაცია

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ეს რეკომენდაცია "განგებ" ბოლოს, 11 პრიორიტეტზე საუბრის შემდეგ დაასახელა და თქვა, რომ იგი "შესასრულებლად ყველაზე რთული საკითხია", რადგან მმართველი პარტიის, ოპოზიციისა და ნებისმიერი სუბიექტის ჩართულობას მოითხოვს.

ამ პუნქტის შეუსრულებლობა მან ისევ ოპოზიციას გადააბრალა და თქვა, რომ მათმა ნაწილმა უარი თქვა მონაწილეობა მიეღო სამუშაო პროცესში.

"რაც შეგვეძლო გაგვეკეთებინა 12 პუნქტის გარშემო, ეს იყო ოპოზიციის სათანადო ჩართულობა 12 პუნქტის შესრულებაში. პარლამენტმა ყველას შესთავაზა, ჩართულიყო, თუმცა, მოგეხსენებათ, რამდენიმე პარტიამ უარი თქვა. ესეც იყო დეპოლარიზაციის საწინააღმდეგოდ მიმართული ნაბიჯი.

პარლამენტის თავმჯდომარემ დაიწყო პოლარიზაციის ხელშემწყობი განცხადებების მუდმივი მონიტორინგი. მან ყველა დაინტერესებულ მხარეს შესთავაზა, ღრმად გაცნობოდნენ ამ მონიტორინგის ანგარიშს, თუმცა ინტერესი იყო დაბალი", - თქვა მან.

N2 ინსტიტუტების ეფექტიანობის ამაღლება

ამ კუთხით ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებასა და საარჩევნო რეფორმაზე ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვნად შეიცვალა რეგლამენტი, მათ შორის, გაორმაგდა ინტერპელაციების რაოდენობა; შეიცვალა მინისტრის საათის პროცედურა და მას ანგარიშის წინასწარ წარდგენის ვალდებულება დაეკისრა. და ასევე სუსის უფროსი ვალდებული გახდა, უწყების ანგარიში პირადად წარადგინოს ხოლმე.

"რეგლამენტის დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, კანონმდებლობა მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან და უფრო მეტიც, მთელ რიგ შემთხვევებში იმაზე მაღალი სტანდარტიც არის დადგენილი, ვიდრე რიგ ევროკავშირის ქვეყნებში", - შენიშნავს კობახიძე.

საარჩევნო რეფორმის მხრივ ირაკლი კობახიძემ "მთავარ ცვლილებად" ელექტრონული ხმის მიცემა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა 90%-ზე მეტი ახალი წესით მისცემს ხმას.

  • "სპეკულაციები იყო ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით, პრობლემა იყო დაუბალანსებელი ბიულეტინები, ოქმები. ეს პრობლემები ავტომატურად მოგვარდება. კენჭისყრის დასრულებიდან ერთ საათში ამომრჩეველთა ხმების 90%-ზე მეტი იქნება დათვლილი და ატვირთული ცესკოს ვებგვერდზე.
  • პარტიების დაფინანსების კუთხით, ხარჯების წლიური ზღვარი განახევრდა პოლიტიკური პარტიებისთვის.
  • საარჩევნო ადმინისტრაციას რაც შეეხება, აქაც შემოვიღეთ საუბნო კომისიების წევრთა სრული სერთიფიცირება.
  • ავტომატური გადათვლა შემოვიღეთ - დისბალანსების შემთხვევაში, თუ იგი აღემატება 5 ბიულეტინს ან არის მინუს 10 ბიულეტინი, ავტომატურად გადაითვლება ნებისმიერი უბანი.
  • მარკირება იქნება იმ ამომრჩევლისთვის, რომელიც გადასატანი ყუთით აძლევს ხმას.
  • სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შეეძლებათ დააკვირდნენ ცესკოს სხდომებს მაშინაც, როცა არაა საარჩევნო პერიოდი".

N3 სასამართლო სისტემა

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აქაც აღნიშნა, რომ სასამართლოს ნაწილში "ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები" განხორციელდა:

  • "დაიხვეწა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების არჩევის, ასევე პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეების დანიშვნის პროცედურა;
  • დადგინდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების გაზრდილი ანგარიშვალდებულების წესი;
  • განახლდა რეგულაციები მოსამართლეთა მივლინებებსა და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე;
  • მოწესრიგდა რეგულაციები, რაც უკავშირდება დისციპლინურ წარმოებას მოსამართლეთა მიმართ;
  • პირველი მოსმენით მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც გენერალური პროკურორის არჩევის ახალ, დროებით წესს უკავშირდება;
  • ავირჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 წევრი, საკმაოდ რთული პროცესი იყო, 2 წევრი ისევ ასარჩევია და ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი".

N4 ანტიკორუფციული ღონისძიებები

"ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო ახალი სააგენტოს, ბიუროს დაფუძნება, რაც გაკეთდა კიდეც", - თქვა კობახიძემ და ახალი ანტიკორუფციული ბიუროს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისივე სიტყვებით, მთავარი რეკომენდაცია, ერთ ორგანოში ანტიკორუფციული ფუნქციების თავმოყრა, "შევასრულეთ", ხოლო მისი ხელმძღვანელი "გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის" საფუძველზე შევარჩიეთ.

კობახიძემ ასევე ამ პუნქტის შესრულების ნაწილად განიხილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ნაცვლად ორი ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება. ეს კანონი "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით, რამდენიმე დღეში, 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღო. კანონპროექტის ინიციირებისას იმდროინდელი სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია დეკრეტულ შვებულებაში იყო. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მისთვის მედიიდან გახდა ცნობილი.

"მივიღეთ კანონმდებლობა, რაც უკავშირდება ორი სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და საგამოძიებო სამსახურის, ინსტიტუციურ გაძლიერებას, თითქმის გაორმაგდა ბიუჯეტი და ადამიანური რესურსები, გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილება და იურისდიქცია, გაიზარდა ორივე სააგენტოს ანგარიშვალდებულების ხარისხი", - თქვა კობახიძემ.

N5 დეოლიგარქიზაცია

ამ პუნქტის შესახებ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროსტრუქტურებისგან ითხოვენ "კონკრეტიკას", რა იგულისხმება დეოლიგარქიზაციაში. მისი სიტყვებით, სხვა შემთხვევაში "გაგვიჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება".

"თავიდან დავაკოპირეთ უკრაინული კანონი, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ ეს კანონი არაა მიზანშეწონილი ევროკავშირის სტრუქტურების გადმოსახედიდან და ვენეციის კომისიაც მხარს უჭერს სისტემურ მიდგომას...

დეოლიგარქიზაცია გულისხმობს თავის თავში პერსონალიზებულ მიდგომას, ეს სიტყვა ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში არიან ოლიგარქები და მათ აღარ უნდა ჰქონდეთ ჭარბი გავლენა პოლიტიკაზე. თუ ჩვენ არ გვეცოდინება, ვინ იგულისხმება ოლიგარქებში, გაგვჭირდება დეოლიგარქიზაციის განხორციელება", - თქვა მან და აღნიშნა ისიც, რომ სისტემური მიდგომის მხრივ, რაც, მისი აზრით, მოიცავს ანტიკორუფციულ, ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მიმართულებას, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას თუ მთავრობის კეთილსინდისიერების, მექრთამეობის რისკების ფაქტორსა და კორუფციისგან თავისუფალ სახელმწიფო სამსახურს, "ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა რეგიონში და ვუსწრებთ როგორც მოლდოვას, ასევე უკრაინას. თუმცა დაგვჭირდება მეტი კონკრეტიკა, რა იგულისხმება სისტემური მიდგომის ქვეშ".

N6 ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა

ამ პუნქტის შესასრულებლად გადადგმულ ნაბიჯად კობახიძე განიხილავს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის 2022-24 წლების სამოქმედო გეგმას", რაც მოიცავს კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

N7 მედიაგარემო

ამ რეკომენდაციაზე მან ყველაზე მოკლედ ისაუბრა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მის შესასრულებლად არსებითად შეიცვალა "მაუწყებლობის შესახებ კანონი".

N8 ადამიანის უფლებები

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამ პუნქტის შესრულებისთვის მიიღეს:

  • ადამიანის უფლებათა სტრატეგია;
  • ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;
  • მთავრობამ დაამტკიცა 2 სამოქმედო გეგმა:"ქალებზე მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს 1325 რეზოლუციის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა", ასევე "ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა".

N9 გენდერული თანასწორობა

ირაკლი კობახიძემ აქაც საკანონმდებლო ცვლილებები ჩამოთვალა, რაც, მისი აზრით, ამ პუნქტის შესრულებისთვის გადადგმული ნაბიჯებია:

  • "დამტკიცდა გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია;
  • ცვლილებები შევიდა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონში;
  • შეიცვალა საარჩევნო კოდექსი - გახანგრძლივდა საარჩევნო კვოტების ზემოქმედება;
  • ასევე შეიცვალა სისხლის სამართლის კოდექსი, რითაც მოწესრიგდა ისეთი საკითხები, რაც უკავშირდება სექსუალურ დანაშაულს, არანებაყოფლობით აბორტს, იძულებით ქორწინებას და მსგავს საკითხებს".

N10 სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა

12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტში შექმნილი იყო სამუშაო ჯგუფები. მმართველი პარტიის თავმჯდომარის მტკიცებით, თითოეულ ჯგუფში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ეროვნულ პლატფორმასთან კოორდინაციით ხდებოდა მათი ორგანიზაციების ჩართვა და სამუშაო ჯგუფებში პლატფორმიდან ორი წარმომადგენელი იყო.

"გამონაკლისი იყო რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც თვეებით ადრე სცენიდან ითხოვდა მთავრობის გადადგომას. მხოლოდ ისინი არ მონაწილეობდნენ პროცესში", - დაამატა მან, რაშიც იგულისხმა საქართველოში მოქმედი ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პროცესში პროტესტის ნიშნად არ მონაწილეობდნენ. მათ სოლიდარობა გამოხატეს ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიმართ, რომლის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა "ქართულმა ოცნებამ" დაბლოკა.

N11 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პუნქტის შესასრულებლად შემუშავდა ცვლილებები კანონმდებლობაში, რომელთა საფუძველზე საერთო სასამართლოებს ევალებათ, საკუთარი გადაწყვეტილებების დროს გაითვალისწინონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები.

N12 სახალხო დამცველის არჩევა

პარლამენტში ომბუდსმენის შერჩევის მრავალთვიანი პროცესის შემდეგ, სახალხო დამცველის თანამდებობაზე აირჩიეს იმ დროისთვის დეპუტატი, ლევან იოსელიანი. ირაკლი კობახიძემ ამ პუნქტის შესრულებაზე ლაპარაკისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ომბუდსმენი პარლამენტმა 96 ხმით აირჩია, მიუხედავად იმისა, რომ "იყო სერიოზული ბულინგი ოპოზიციონერ დეპუტატებზე".

ივნისის ბოლოს ევროკომისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს წარუდგინა ზეპირი მოხსენება, რომლითაც, მათ შორის, საქართველოს პროგრესი შეაფასა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

რადიო თავისუფლების წყაროების ინფორმაციით:

  • მოკლე მოხსენების თანახმად, საქართველოს 12-დან მხოლოდ სამი რეკომენდაცია (სახალხო დამცველის არჩევა, გენდერული თანასწორობა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება) შეუფასეს „სრულად შესრულებულად“;
  • ერთ რეკომენდაციაზე საერთოდ არ აქვს პროგრესი;
  • შვიდ რეკომენდაციაზე „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს;
  • ერთ რეკომენდაციაზე „ლიმიტირებული პროგრესი“ აქვს.
  • ასევე ყურადღება გაამახვილეს დეოლიგარქიზაციის, სასამართლოს რეფორმირების და მედიის თავისუფლების ხელშეწყობის მიმართულებებით ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG