Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში შეხვედრებს მართავს


ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში. 30 ივნისი, 2023 წელი.
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში. 30 ივნისი, 2023 წელი.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში შეხვედრებს მართავს ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს. ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, იგეგმება შეხვედრა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მინისტრებსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

ევროსაბჭოს ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა მხარდაჭერა გამოხატა საქართველოში რეფორმების განხორციელების მიმართ და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის „სტრატეგიულ“ მნიშვნელობას დემოკრატიული ფასეულობების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებებით, იმ ფონზე, „როდესაც ევროპის მასშტაბით დემოკრატიის უკუსვლა შეინიშნება“.

საუბარი შეეხო ასევე გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ და შერიგების პროცესის გაგრძელებას ნდობის აღდგენის საფუძველზე.

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში წელიწადში ორჯერ მზადდება. ის დეტალურად ასახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეჩინოვიჩ ბურიჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოწვევისთვის“. კონფერენცია, 1 ივლისს, თბილისში გაიხსნა.

„ევროპის საბჭო მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. ხაზი გაესვა ვენეციის კომისიიის რეკომენდაციების გათვალისწინებას ევროკავშირის რეკომენდაციების წარმატებით განხორციელების კუთხით“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ილია დარჩიაშვილს 30 ივნისს შეხვდა
მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ილია დარჩიაშვილს 30 ივნისს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილისა და მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩის შეხვედრის მსვლელობისას „მხარეებმა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში წარმატებით განხორციელებული პროექტების შესახებაც იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ეს პროექტები ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპის საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის განმტკიცებას“.

2023 წლის 30 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.

XS
SM
MD
LG