Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ქალთა საერთაშორისო კონფერენცია იმართება


თბილისის ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე (TWIC) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შეკრებილ ლიდერ ქალებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომლის ინიციატივითაც კონფერენცია შარშან დაფუძნდა.

„ეს კონფერენცია ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ქალებს დღევანდელი ომის დაძაბულობის გადასალახად მსოფლიოში. ქალებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ. ომი და მშვიდობა ქალებზე პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს და ეს კონფერენცია მინდა მივუძღვნა უკრაინელ ქალებს, რომლებიც წელიწად-ნახევარია ბომბების ქვეშ არიან უკრაინაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. ის გამოთქვამს იმედს, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა კონფერენციაზე, მონაწილეები „ახალ მსოფლიოში ახალი მშვიდობის“ მშენებლობაზე იმსჯელებენ.

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, პრეზიდენტის პირადი მოწვევით, თბილისში ჩამოსული არიან: ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ნიკოლა ბეარი. ფორუმში მონაწილეობენ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები - უიდედ ბუშამაუი და დოქტორი რუთ მიჩელი.

პირველი სადისკუსიო პანელის მსვლელობისას, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლა ბეარმა აღნიშნა, რომ ომის მსვლელობისას უკრაინელ ქალებს უწევთ ისეთი ახალი როლების შესრულება, „რომლებსაც შეიძლება ისინი არცკი გეგმავდნენ - ჯარში, ადმინისტრაციაში, პოლიტიკაში“.

„ისინი [უკრაინელი ქალები] ტოვებენ სახლებს, ოჯახებს, ტოვებენ ბავშვებს, ხშირად - არაუსაფრთხო გარემოში... ჩვენ ვხედავთ, როგორ შეუძლიათ ძლიერ ქალებს იბრძოლონ კაცობრიობისთვის, მოქალაქეთა უფლებებისთვის. ჩვენ ამას ვხედავთ ასევე ირანელი, ავღანელი ქალების შემთხვევაში... და მათ სჭირდებათ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პარტნიორობა, ჩვენი მხარდაჭერა ბრძოლაში და შემდეგ ყველა შეუერთდება ამას. ჩვენ ვხედავთ აქ, საქართველოში, თუ როგორ იბრძვიან მოქალაქეები თავიანთი გზისთვის ევროპისკენ, ევროკავშირისკენ...

ევროპარლამენტს, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ, ძალიან უნდა, რომ თქვენ ყველა პარტნიორებად გიხილოთ, პარტნიორებად უკეთესი მსოფლიოსთვის, მშვიდობიანი მსოფლიოსთვის, მსოფლიოსთვის, რომელიც პატივს სცემს მოქალაქეების უფლებებს და ასევე პატივს სცემს მრავალფეროვნებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს საზოგადოებებში“, - განაცხადა ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა.

„კონფერენცია მოიცავს [სადისკუსიო] პანელებს, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ კონფლიქტების წინაშე მყოფი ქალებისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებს, მათ შორის: ქალი კორესპონდენტების თვალით დანახული კონფლიქტები, ქალების მიერ მოყოლილი ომის ისტორიები, კასპიისა და შავი ზღვის კავშირებადობა, ქალების როლი კონფლიქტურ რეგიონებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში, განიხილება ქალების მმართველობითი როლი კონფლიქტებისა და პოსტკონფლიქტურ პერიოდებში“, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონფერენციის დასკვნითი პანელი საქართველოს პრეზიდენტისა და მედიის შეხვედრას დაეთმობა, რომელსაც ქართველი და უცხოელი ჟურნალისტები დაესწრებიან. კონფერენცია "ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში იმართება.

XS
SM
MD
LG