Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, უკრაინას ალბათ, მოუწევს ტერიტორიის ნაწილის დათმობა


ფოტო არქივიდან. დონალდ ტრამპი
ფოტო არქივიდან. დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ისევ პრეზიდენტობა სურს, აცხადებს, რომ ომის შესაჩერებლად უკრაინას, ალბათ, მოუწევს რუსეთისთვის ტერიტორიის ნაწილის დათმობა. Reuters-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კომპრომისული შეთანხმების მიღწევას სჭირდება კარგი შუამავალი და მომლაპარაკებელი, რომელიც დღეს არ ჩანს.

ტრამპის განცხადებით, რუსეთში ამბოხების მცდელობის შემდეგ, პუტინი გარკვეულწილად დასუსტებულია, ამიტომ შეერთებულმა შტატებმა უნდა სცადოს ომის დასრულება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკების გზით.

საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით, დონალდ ტრამპი ლიდერია პრეზიდენტობის რესპუბლიკელ პრეტენდენტებს შორის. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის ნოემბერში ჩატარდება.

აშშ-ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ოფიციალურად იზიარებს უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, რომ ომის დასასრულებლად რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. მათ შორის, კიევი მოითხოვს კონტროლის აღდგენას რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმზე.

რუსეთის ხელისუფლება ომის დასრულების პირობად ასახელებს „ახალი რეალიების“ აღიარებას. კრემლი ასეთად მიიჩნევს 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებული ომის შემდეგ უკრაინის კიდევ 4 რეგიონის - დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების - ანექსიას. უკრაინის არმია განაგრძობს ბრძოლას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

XS
SM
MD
LG