Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული წყაროების ცნობით, დაკავებულია გენერალი სუროვიკინი


ფოტო არქივიდან. პრეზიდენტი პუტინი გენერალ სუროვიკინს აჯილდოებს სირიაში მიღწეული წარმატებებისთვის. მოსკოვი, 2017 წლის 28 დეკემბერი
ფოტო არქივიდან. პრეზიდენტი პუტინი გენერალ სუროვიკინს აჯილდოებს სირიაში მიღწეული წარმატებებისთვის. მოსკოვი, 2017 წლის 28 დეკემბერი

რუსული ინტერნეტ-არხებით ვრცელდება ცნობები, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის მიერ ორგანიზებული ამბოხების გამო, დაკავებული არიან უკრაინაში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდლის მოადგილე, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდალი, გენერალი სერგეი სუროვიკინი და მისი მოადგილე, გენერალი ანდრეი იუდინი და ისინი ლეფორტოვოს იზოლატორში იმყოფებიან.

ამ ცნობებს გამოეხმაურა ცნობილი რუსი ჟურნალისტი, „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი და რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ალექსეი ვენედიქტოვი. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ გენერალი იუდინი სახლშია, გენერალ სუროვიკინს კი, სამი დღეა ოჯახთან კავშირი არ ჰქონია და კონტაქტზე არც მისი დაცვის თანამშრომლები არიან.

28 ივნისს, ღამით, გამოცემა The Moscow Times-მა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სერგეი სუროვიკინი დაკავებულია პრიგოჟინის მხარდაჭერის გამო. შეკითხვას, სად იმყოფება გენერალი, ერთ-ერთმა წყარომ უპასუხა, რომ „ამ ინფორმაციაზე კომენტარი შიდა არხებითაც კი არ კეთდება".

ამერიკული გამოცემა New York Times-ის ინფორმაციით, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა წინასწარ იცოდა, რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მფლობელი ევგენი პრიგოჟინი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ამბოხებას გეგმავდა. ამ ცნობას სპეკულაცია უწოდა პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი „ვაგნერელების“ დაახლოებით 24-საათიანი ამბოხება 23 ივნისს, საღამოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
  • 27 ივნისს ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ პრიგოჟინი ბელარუსში იმყოფება და განაცხადა, რომ ეთანხმება თავდაცვის მინისტრის პოზიციას იმის შესახებ, რომ „ვაგნერის“ მსგავსი ქვედანაყოფი ბელარუსის არმიას წაადგება.

XS
SM
MD
LG