Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წულუკიანის საქმიანობით უკმაყოფილო კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტის კომიტეტებს მიმართეს


კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი

კულტურის სფეროსა და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით, კულტურის კომიტეტის სხდომაზე საჯარო შეხვედრას ითხოვენ. კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარეების სახელზე 28 ივნისს წერილი შეიტანეს. წერილის ადრესატები არიან კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

როგორც წერილის ავტორები მიუთითებენ, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანის მიერ სფეროში გატარებული ორწლიანი პოლიტიკის შედეგად წამოჭრილია არაერთი პრობლემური საკითხი, რომლებიც ითხოვს პარლამენტის და უფლებადამცველთა რეაგირებას.

  • „მინისტრ წულუკიანის საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, რომლებიც არა მხოლოდ მენეჯერულ გამოცდილებას, არამედ სპეციფიკურ პროფესიულ ცოდნას ითხოვს, დაინიშნენ იუსტიციის სამინისტროს კადრები;
  • ამავე საკადრო პოლიტიკის შედეგად, კულტურის სსიპ-ებიდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კინოცენტრი) უკანონოდ გათავისუფლდა ათეულობით ადამიანი. მათი უმრავლესობა დავობს სასამართლოში უკანონო გათავისუფლების და დისკრიმინაციული მოპყრობის გამო. დისკრიმინაციული მოპყრობის ერთ-ერთი ფაქტი დადგენილია სახალხო დამცველის აპარატის მიერ (დანართი: 1). ამ დროისთვის 11 საქმე მოსარჩელეთა გამარჯვებითაა დასრულებული, რის შედეგადაც საქართველოს ბიუჯეტს უკვე დაეკისრა ათეულობით ათასი ლარის ანაზღაურება;
  • რეპრესიული საკადრო პოლიტიკის შედეგად კულტურის სსიპ-ებიდან პროფესიონალი კადრების ტოტალური გადინება უდიდეს ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის პროცესს. შედეგები უკვე აისახა გელათის სამონასტრო კომპლექსის მცდარი მეთოდოლოგიით წარმართულ რეაბილიტაციაზე, რომლიც შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს;
  • მინისტრ წულუკიანის პოლიტიკა არაერთხელ გახდა მწვავე კრიტიკის ობიექტი სახელოვნებო ცენზურის დამყარების მცდელობის და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტების გამო, იქნება ეს ლიტერატურული კონკურს „ლიტერას“ ჟიურიში ჩარევა, სამეცნიერო პროექტების შეჩერება, დოკუმენტალისტ სალომე ჯაშის ფილმის ჩვენების აკრძალვა თუ არაერთი სხვა ფაქტი, რომელთაც არ მისცემიათ საზოგადოებრივი რეზონანსი).
  • საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისადმი დაქვემდებარებული სსიპ-ები გადაიქცა ჩაკეტილ უწყებებად, რომლებიც არ გასცემენ საჯარო ინფორმაციას. IDFI-ს მიერ 2022 წლის ყველაზე დახურულ უწყებად სწორედ წულუკიანის უწყება დასახელდა (დანართი 2.. მაგალითისთვის, აბსოლუტურად გასაიდუმლოებულად იმართებოდა გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესი, ამ დრომდე უცნობია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის რეაბილიტაციის გეგმა. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სამინისტრო საჯარო ინფორმაციას არ გასცემს, რითაც არღვევს საქართველოს კანონს საჯარო ინფორმაციის შესახებ;
  • გაუმჭვირვალეა სამინისტროს მიერ წარმოებული კონკურსები;
  • უკანასკნელ დღეებში საქართველოს კინოცენტრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ კულტურის მინისტრის მხრიდან პროფესიონალი კადრების დისკრიმინაციული ჩანაცვლება მისთვის სასურველი კადრებით და შემოქმედებითი პროცესების კონტროლის პოლიტიკა გრძელდება", - ვკითხულობთ წერილში.

წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ წულუკიანის საქმიანობა უკიდურესად ნეგატიურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე სახელოვნებო პროცესებსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეზე.

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი გახდა, ეროვნული მუზეუმიდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან ასამდე ადამიანი გათავისუფლდა რეორგანიზაციის მოტივით - მათი უმეტესობა დღეს სამართლებრივ დავას აწარმოებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რეორგანიზაციის პროცესი რამდენიმე დღის წინ, 10 ივნისს, გამოცხადდა ეროვნულ კინოცენტრშიც - ამ პროცესს კინოს სექტორი ცენტრის დამოუკიდებლობის შეზღუდვის მცდელობად მიიჩნევს და ცენზურის საფრთხეზე ლაპარაკობს.

XS
SM
MD
LG