უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Financial Times-თან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინის არმიის, ბევრის აზრით, მოკრძალებული წარმატება არ არის მთავარი მოვლენა. „როცა ეს მოხდება, თქვენ ყველაფერს დაინახავთ. ყველა ყველაფერს დაინახავს, -“ განაცხადა მინისტრმა.
რეზნიკოვის თქმით, უკრაინის ჯარების ძირითადი რეზერვები, მათ შორის დასავლეთში ახლახან გაწვრთნილი და ნატოს თანამედროვე ტანკებითა და ჯავშანტექნიკით აღჭურვილი ბრიგადების უმეტესობა, ჯერ არ არის ჩართული ოპერაციაში.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ რუსეთის ჯარებისთვის მძიმე დანაკარგების მიყენებას. მინისტრის თქმით, უკრაინის ჯარებისთვის მოწინააღმდეგის „დეგრადაცია არის ინსტრუმენტი და უკრაინის მიწების განთავისუფლება - მიზანი“.
მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინის ამბოხს ჯერ არ შეუცვლია ვითარება ბრძოლის ველზე, მინისტრის თქმით, მან აშკარად ნათელყო რუსეთის დაუცველობა. რეზნიკოვმა იმედი გამოთქვა, რომ დასავლეთის ქვეყნები გაზრდიან კიევისთვის იარაღის მიწოდებას შემდგომი შეტევისთვის.
უკრაინის არმიის შეტევის დაწყების შესახებ ცნობები ივნისის დასაწყისიდან ვრცელდება. 9 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ შეტევა უკვე დაწყებულია, მაგრამ უკრაინის სამხედროებმა წარმატებას ვერ მიაღწიეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას აწყდებიან, თუმცა სიტუაციას პოზიტიური უწოდა. უკრაინის არმიამ მოახერხა რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლის აღდგენა.