Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო წილოსანი ამბობს, რომ ხელისუფლებისთვის "მოღალატისა" და "რუსეთუმეს" ძახილი წითელი ხაზია


ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" დეპუტატი
ნინო წილოსანი, "ქართული ოცნების" დეპუტატი

ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ "რუსეთუმისა" და "მოღალატის" ძახილის შემთხვევაში, ოპონენტები შესაბამის პასუხს მიიღებენ.

მისი განცხადების ფონია ფიზიკური ანგარიშსწორება "ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თანამშრომელზე, დავით ოსიყმიშვილზე. ორივე მათგანს თავს გუშინ, 27 ივნისს, დაესხნენ. ამ დღეს მმართველი პარტიის წევრებმა ბაჩო ოდიშარიამ და მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, რომ არავისგან მოითმენდნენ შეურაცხყოფას.

ბექა ოდიშარიამ კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ ვინც "პრორუსს" დაუძახებს, "ცხვირ-პირში მიიღებს". მამუკა მდინარაძე კი დაიმუქრა, რომ "მოღალატის" დაძახების შემთხვევაში, ოპოზიციას აგინებდა. კოლეგების განცხადებების ფონზე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ნინო წილოსანმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, "პრორუსების" დაძახების შემთხვევაში, მამუკა მდინარაძე და ბექა ოდიშარია ოპონენტებს პასუხს გასცემენ.

"სრულიად აბსურდული კავშირია ჩემს განცხადებას თუ ნებისმიერ ჩემი კოლეგის განცხადებასა და ამ აღნიშნულ ფაქტს შორის. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ფაქტი იყო. აუცილებლად უნდა გამოიძიონ შესაბამისმა სტრუქტურებმა და უნდა დაისაჯონ ადამიანები. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვისურვებდი ის ფონი, რომელიც არსებობს, ამ დაპირისპირების, რომელიც სისტემატურად არის წახალისებული ოპოზიციის თუ ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების მხრიდან, იყოს მაქსიმალურად ტემპერატურა დაწეული. [...] წითელი ხაზია "მოღალატისა" და "რუსეთუმეს" ძახილი. ამის შემდეგ ნებისმიერი, რომელიც აღნიშნულს არ გაითვალისწინებს, ჩვენგან მიიღებს შესაბამის სიტყვიერ პასუხს.

ჩვენ ვართ პოლიტიკოსები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ძალადობის ენით. ჩვენ ვსაუბრობთ სიტყვებით, ვსაუბრობთ განცხადებებითა და მოწოდებებით. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ არავინ აღარ გაბედოს წითელი ხაზების გადაკვეთა. ოკუპანტი ქვეყნის მომხრეობის დაბრალება არ გაუვა არავის და არასდროს არ გავუტარებთ არავის და ყოველთვის იქნება საკადრისი პასუხი"
, - უთხრა დღეს მედიას ნინო წილოსანმა.

ძალადობრივ გარემოსა და პოლარიზაციაზე კითხვები დღეს მედიამ დაუსვა კიდევ ერთ დეპუტატს მმართველი პარტიიდან, მარიამ ლაშხს. ის მიიჩნევს, რომ პოლარიზაციას აღრმავებენ არა მისი თანაგუნდელები, არამედ ჟურნალისტები "პროვოკაციული კითხვებით". მარიამ ლაშხმა მედიას მოუწოდა, თავი შეიკავონ ამგვარი კითხვების დასმისგან.

"მეც მოგიწოდებთ მედიას იმისათვის, რომ კიდევ მეტად არ გაღვივდეს პოლარიზება, ეცადეთ არაპროვოკაციული კითხვები დასვათ, რომ არ მიიღოთ შესაბამისი პასუხები, რაც კიდევ მეტად აღვივებს [პოლარიზაციას].

ძალადობის მოწოდება არ შეიძლება იყოს არცერთი მხრიდან, შესაბამისად, ვგმობ ყველანაირ ძალადობას. როდესაც ხდება ოპონენტების მხრიდან "რუსების" ძახილი, არაა სწორი", - თქვა მან და დაამატა, რომ შეურაცხმყოფელი განცხადებების შესამცირებლად საქართველოსთვის შეიძლება, კარგი გამოსავალი იყოს ირლანდიის პარლამენტის პრაქტიკის გადმოღება.

"ცოტა ხნის წინ ირლანდიის წარმომადგენლობა გვყავდა და ზუსტად ჰქონდათ გაწერილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, რაც საქართველომ უნდა გადმოიღოს, პირდაპირაა გაწერილი პარლამენტის ეფექტური მუშაობისათვის, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები და ერთმანეთის მიმართ მსგავსი ტიპის ძახილები არ შეიძლება რომ იყოს. ეს დაცლიდა... ძალიან მივესალმები იმას, რომ ირლანდიის პრაქტიკა დავნერგოთ - გაწერილია ეთიკის კოდი, სადაც წერია, რომ პარლამენტის მსვლელობისას არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ პარლამენტის ნებისმიერი თანამშრომელი ვალდებულია, ხელი მოაწეროს და გაწერილია პირდაპირ, რა სიტყვები არ უნდა ეძახონ ერთმანეთს", - უთხრა ჟურნალისტებს მარიამ ლაშხმა.

XS
SM
MD
LG