Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ გამოძიება დაიწყო მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

ტელეკომპანია „ფორმულის" ერთ-ერთ დამფუძნებელსა და ტელეწამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე, თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით მიმდინარეობს.

მიშა მშვილდაძეს 27 ივნისს თბილისში თავს დაესხნენ. როგორც ტელეწამყვანი აცხადებს, მასზე თავდასხმა, სავარაუდოდ, სათვალთვალო კამერებს აღბეჭდილი აქვს.

„უცნობი პირი დამესხა თავს "კარფურის" შესასვლელში. ყურსასმენები მეკეთა, არც გამიგია, თუ დამიძახა მანამდე რამე. გვერდით ჩავუარე უბრალოდ. ორი პიროვნება იდგა, არ დავკვირვებივარ. ვეჭვობ, რომ ერთ-ერთი მათგანი გამომეკიდა და პირდაპირ შესასვლელში სახეში მუშტი დამარტყა. მერე ფეხი წამოვკარი კიბეს და წავიქეცი. წამოდგომა ვერ მოვახერხე და ის უკნიდან ცდილობდა, რომ ერტყა და ერტყა კიდევ.

შესასვლელში კამერა არის, ვხედავ. შიგნითაც იქნება სუპერმარკეტში კამერები... ალბათ, გაიქცნენ, იმიტომ რომ მერე დაცვა მოვიდა, დაახლოებით 15-20 წამი გრძელდებოდა ეს, სანამ ცდილობდა, რომ ერტყა. შეძახილი, რაც გავიგონე ყურსასმენი რომ მოვიხსენი, ახსენა პატრიარქი. „შენ პატრიარქს როგორ აგინებ", თუ რაღაც მსგავსი", - თქვა მიშა მშვილდაძემ.

XS
SM
MD
LG