Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ვეტო დაადო „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც უკავშირდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებსაიტზეა ნათქვამი, მოქმედი რედაქციით, „დამოუკიდებელი და ზეპარტიული თანამდებობის პირი, საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს კონკურსს და ქმნის კანდიდატთა შესარჩევ კომისიას. შერჩეულ კანდიდატებს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით კი, კომისიის შექმნა, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

ვეტო სწორედ ამ კონსენსუსის შენარჩუნების მიზანს ემსახურება".

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები აირჩიონ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. მისი შეფასებით, ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებდნენ ცესკოს საკითხზე მომზადებულ კანონპროექტს. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების" კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესის ცვლილებაზე უფრო მეტად შეამცირებს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას, გაზრდის მასზე მმართველი პარტიის გავლენას და "უკიდურესად დააკნინებს" პრეზიდენტის როლს კანდიდატების შერჩევის პროცესში.

ISFED-ში აცხადებდნენ, რომ ინიციატივა სრულიად ეწინააღმდეგება 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ შეთანხმებას, ვენეციის კომისიის/ეუთო-ოდირის რეკომენდაციებს და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 პირობიდან ერთ-ერთს.

მიღებული ცვლილებით, მცირდება ცესკოს ე.წ. პროფესიული წევრების სრული ვადით - 5 წლით - ასარჩევად დადგენილი კვორუმი. არსებული ⅔-ის უმრავლესობის ნაცვლად, ცესკოს თავმჯდომარესა და 7 წევრს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

კანონპროექტით იცვლება და იზღუდება პრეზიდენტის როლი ცესკოს დაკომპლექტების პროცესში. მის ნაცვლად საკონკურსო კომისიას შექმნის და შემდეგ კანდიდატებს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

გასული წლის 5 აგვისტოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტს თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარუდგინა.

კანდიდატთა შორის იყო ცესკოს მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილიც, თუმცა ის პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე არ წარადგინა.

2022 წლის დეკემბრის ბოლოს პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე ვერ აირჩია, პრეზიდენტის წარდგენილმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საკმარისი ხმების რაოდენობა. საქართველოს კანონმდებლობით, ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება გიორგი კალანდარიშვილმა განაგრძო.

XS
SM
MD
LG