Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავითაშვილმა განმარტა სანქციების მე-11 პაკეტის შესრულებაში საქართველოს როლი


საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზე. მისი თქმით, სამი ძირითადი ჯგუფია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი), რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ და აახლებენ. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის სანქციების მოთხოვნების შესრულება მარტივი არ არის და ამიტომ შესაბამისი სტრუქტურები პრევენციის მიზნით პარტნიორებთან თანამშრომლობენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით, ერთი ნაწილი და მეორე - სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობა. ამ კუთხით, საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის. ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან - პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ.

ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის - ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობის. ჩვენ არ წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი, იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობის თვალსაზრისით. აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქ საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ასევე, იმისთვის, რომ სანქციები კარგად იყოს აღსრულებული, ჩვენ გვაქვს არაერთი ტრენინგი, შეხვედრა და სემინარი იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინტერპრეტაცია, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. მას სჭირდება სწორი „გაიდლაინები" და მისი სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი და პრაქტიკა", - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვლენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო’ბრაიენი და კუმარ აიერი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

„ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს. ამის ანგარიში მზადდება სხვადასხვა უწყების მიერ. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ, ალბათ, მივიღებთ კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმ ნაწილში, როგორ მაღალ დონეზე ახდენენ ჩვენი სტრუქტურები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას იმ ნაწილში, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა", - თქვა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობას, რომლის თანახმად, ო'ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებისგან თავის არიდება რჩება „სერიოზულ პრობლემად“ და დაასახელა ხუთი ქვეყანა (მათ შორის საქართველო), რომლებთან მიმართებითაც შეერთებულმა შტატებმა „მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება“.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დეტალური განცხადება და განმარტება გააკეთა ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციაში ეხმარება.

„ცალსახად არის განმარტებული, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, არამედ პირიქით, საქართველო ეხმარება პარტნიორებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციაში. ამაზე მეც მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის - უმაღლეს დონეზე. ამ შემთხვევაში ვაჭრობის მინისტრის მოადგილეებთან ჩემი მოადგილეების შეხვედრები შეიძლება გავიხსენო, რომელზეც თხოვნა იყო საქართველოს მიმართ, რომ საქართველო დახმარებოდა სტრატეგიულ პარტნიორებს მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის ტრანზიტის ნაწილის კონტროლში. ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ის, რაც ყოველდღიურ რუტინაში გვეკუთვნის, რომ შევასრულოთ და ასრულებენ ჩვენი საბაჟო სამსახურები ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით. ჩვენ ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე შევთანხმდით პარტნიორებთან", - თქვა დავითაშვილმა.

სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი 21 ივნისს შეთანხმდა - შეზღუდვები ჯამში 71 პირს შეეხება, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან. შეზღუდვები ვრცელდება ასევე 33 კომპანიაზე.

გადაწყვეტილება ითვალისწინებს ბანკებისთვის იმავე სანქციების დაწესებას, რაც წარსულში გამოიყენა ევროკავშირმა, მათ შორის - აქტივების გაყინვა და ეკონომიკურ რესურსებსა და ფონდებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა.

XS
SM
MD
LG