Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ მასალას, რომელიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში მიკროჩიპებისა და ისეთი ელექტროტექნიკის შეტანას ეხება, რომელიც რუსეთს თავისი საომარი აღჭურვილობის წარმოებისთვის ესაჭიროება, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც მასშია ნათქვამი, Politico-ს მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიენის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება. ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ ო’ბრაიენის ​განცხადება ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან.

„სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ბ-ნ ჯიმ ო’ბრაიენის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ო’ბრაიენის მიერ 7-8 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის - საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ გამოწვევებს და აშშ-ის და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით.

დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფინანსთა სამინისტრო დარწმუნებულია, რომ Politico-ში აღნიშნული მოსაზრება არ ასახავს აშშ-ის მთავრობის პოზიციას.

„სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედიასაშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით", - ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს.

„საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე, პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან", - აცხადებს ფინანსთა სამინისტრო.

დასავლური ელექტრონიკის ექსპორტი რუსეთში ომამდელ დონეს დაუბრუნდა, ექსპორტი მოიცავს მიკროჩიპებსა და ისეთ ელექტროტექნიკას, რომელიც რუსეთს თავისი საომარი აღჭურვილობის წარმოებისთვის ესაჭიროება. რუსეთში მისი ექსპორტი იმის გამო გაიზარდა, რომ რუსეთი უკეთ ახერხებს დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას. გამოცემა POLITICO-ს თანახმად, ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა ჯიმ ო’ბრაიენმა განაცხადა, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას.

ო'ბრაიენის სიტყვებით, პრობლემა ისაა, რომ ევროპული ქვეყნები პროდუქციას ყიდიან სხვა ქვეყნებზე, საიდანაც ის შემდეგ რუსეთში ხვდება.

კითხვაზე, რომელი ქვეყნები არიან ჩართული ამაში, ო’ბრაიენმა თქვა, რომ აშშ-მა გამოავლინა ის 5 ქვეყანა, რომლებიც სანქციების გვერდის ავლის პრობლემას ქმნიან. ესენია თურქეთი, ყაზახეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სომხეთი.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტზე მუშაობს, რომელიც მიზნად ისახავს არსებული სანქციების გვერდის ავლის თავიდან აცილებას და მოიცავს ახალ მექანიზმს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, რომლებიც სანქციების თავიდან აცილების საშუალებას იძლევიან.

XS
SM
MD
LG