Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი: სეპარატისტებმა უადგილო შიშები არ უნდა გააღვივონ, არ ვაპირებთ ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას


საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ერთ-ერთი თემა, რაც იქ უნდა განიხილონ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში გამოხატული რეაქციებია რუსეთის მოვლენებზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას "უადგილო" შიშები არ უნდა გაუღვივონ.

"საბჭომ უნდა განიხილოს რეაქციები აფხაზეთსა და ცხინვალში, რათა არ მივცეთ საშუალება სეპარატისტებს, ეს მოვლენები გამოიყენონ იმისათვის, რომ მოსახლეობაში საქართველოს მიმართ უადგილო შიშები გააღვივონ.

ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა და არ შეიცვლება და საქართველო არ აპირებს ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაბრუნებას. ეს უნდა ითქვას და უნდა გავიმეოროთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა 24 ივნისს ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.

მანვე თქვა, რომ უსაფრთხოების საბჭოზე უნდა განიხილონ რუსეთთან საზღვრის კონტროლის გამკაცრება და სავიზო რეჟიმის გადახედვა, ასევე საზღვარზე სანქცირებული პირების სიების გამოყენების საკითხი.

მანამდე, რუსეთში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მისი განცხადება ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ "საქართველო თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად უნდა მოემზადოს".

"რუსეთის ჩამოშლა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ჩვენ არ დავთმეთ თბილისი. შემდეგ ეს პროცესი გაგრძელდა და ახლა დასასრულს უახლოვდება! საქართველო უნდა ემზადოს თავისი მომავლისა და აფხაზეთის დასაბრუნებლად!"

ადგილობრივი გამოცემა Apsnypress-ის ინფორმაციით, დღეს, 24 ივნისს ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე ენგურსა და ფსოუზე გამშვები პუნქტების კონტროლი და კრიტიკული ობიექტების დაცვა გააძლიერეს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მდინარე ენგურისა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა. თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა, იყოს მუდმივი კონტაქტზე აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებთან", - იტყობინება აფხაზური გამოცემა.

საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

23 ივნისის საღამოს, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

XS
SM
MD
LG