Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში გააძლიერეს საზღვრების კონტროლი, რუსეთში მოვლენების ფონზე


შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. 24 ივნისი, 2023.
შეხვედრა ოკუპირებული აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან. 24 ივნისი, 2023.

ოკუპირებულ აფხაზეთში გააძლიერეს მდინარე ენგურსა და ფსოუზე გამშვები პუნქტების კონტროლი და კრიტიკული ობიექტების დაცვა, წერს ადგილობრივი გამოცემა Apsnypress-ი.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა მდინარე ენგურისა და ფსოუს გასწვრივ სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლის გაძლიერება და ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტის დაცვა. თავდაცვის სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაევალა, იყოს მუდმივი კონტაქტზე აფხაზეთში რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-7 სამხედრო ბაზისა და რუსეთის სასაზღვრო დაცვის წარმომადგენლებთან“, - იტყობინება აფხაზური გამოცემა.

გადაწყვეტილება მიიღეს დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას სახელით ვიცე-პრეზიდენტ ბადრა გუნბასა და აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრაზე.

გუნბამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის ფედერაციაში ვითარება კანონის შესაბამისად მოგვარდება.

სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ამ დროისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე რაიმე ინციდენტი არ დაფიქსირებულა.

საგანგებო სიტუაციების მინისტრმა ლევ კვიცინიამ განაცხადა, რომ არსებული მონაცემებით, "ვაგნერელებს" შორის აფხაზები არ არიან.

საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში, დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე.

23 ივნისის საღამოს, "ვაგნერის" კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა დაადანაშაულა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის "ვაგნერის" მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

XS
SM
MD
LG