Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერალ ლუდმილა ულიცკაიას რემარკის მშვიდობის პრემია გადაეცა


რუსი მწერალი ლუდმილა ულიცკაია
რუსი მწერალი ლუდმილა ულიცკაია

რუს მწერალს, ლუდმილა ულიცკაიას, ერიხ-მარია რემარკის მშვიდობის პრემია მიენიჭა. დაჯილდოების ცერემონია რემარკის დაბადების 125-ე წელს მის მშობლიურ ქალაქ ოსნაბრიუკში გაიმართა. სპეციალური პრიზი გადაეცა უკრაინელ ილუსტრატორს, სერგეი მაიდუკოვს, რომელმაც ულიცკაიას ომის საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად, უარი თქვა დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებასა და რუს ქალთან ერთად ერთ სცენაზე გამოსვლაზე. მაიდუკოვი აპირებს, ჯილდოს ფულადი ნაწილი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის აღჭურვილობის შესაძენად შესწიროს.

ოსნაბრიუკის მერმა კატარინა პოტერმა დაჯილდოების ცერემონიაზე აღნიშნა, რომ წლევანდელი პრემიის ულიცკაიასთვის გადაცემით საორგანიზაციო კომიტეტს ასევე სურდა ყურადღება მიექცია იმ ფაქტზე, რომ ყველა რუსი არ არის პასუხისმგებელი უკრაინის ომზე. "ამ ჯილდოთი ჩვენ ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ კოლექტიური დანაშაული არ არსებობს", - თქვა მან.

  • ერიხ-მარია რემარკის მშვიდობის პრემია 1991 წელს დაარსდა ოსნაბრიუკის, იმ ქალაქის ხელისუფლების მიერ, სადაც მწერალი დაიბადა და გაიცემა ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. პრემია გადაეცემათ კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც არა მხოლოდ განსაკუთრებული შემოქმედებითი მიღწევებით იყვნენ გამორჩეულნი, არამედ პლანეტაზე მშვიდობის საქმეშიც შეაქვთ წვლილი.
  • ლუდმილა ულიცკაია ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერალია, რომელიც რუსულ ენაზე წერს. ულიცკაიამ არაერთხელ დაგმო კრემლის პოლიტიკა, დისიდენტების დევნა და სამხედრო აგრესია. რუსეთში ულიცკაიას მრავალი შემოქმედებითი საღამო გაუქმდა კონკრეტული მიზეზების მითითების გარეშე. ერთხელ ქუჩაში უცნობმა პირებმა მწერალ ქალს სახეში მწვანე საღებავი შეასხეს. უკრაინაში სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ ულიცკაიამ დატოვა რუსეთი და ამჟამად ბერლინში ცხოვრობს.
  • ილუსტრატორი სერგეი მაიდუკოვი ომის დაწყებიდან მოხალისედ მუშაობს და თავის ვიზუალურ ქრონიკებში იმ ნგრევასა და ტანჯვას ასახავს, რომლებსაც ომი აყენებს მშვიდობიან უკრაინელებს. მისი ნახატები ბევრ ევროპულ გაზეთში, მათ შორის გერმანულ Die Zeit-ში, გამოქვეყნდა. უახლოეს მომავალში მისი ესკიზები ცალკე წიგნადაც გამოიცემა.
XS
SM
MD
LG