აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებას ეხმაურება და ამბობს, რომ შეერთებული შტატები მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს მან "საქართველოს ადვოკატთა სახლის" გახსნაზე, მედიის კითხვების პასუხად განაცხადა. დეგნანი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება დეპოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
"აშშ მიესალმება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, ეს საქმე თავიდანვე პრობლემური იყო. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია საზოგადოების პოლარიზაციისა და გახლეჩის შემცირებისთვის...
ეს იყო პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, რაც მან, დარწმუნებული ვარ, სრული სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით გამოიყენა", - თქვა ელჩმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია მას შემდეგ შეიწყალა, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ განხილვაში არ მიიღო ადვოკატების სარჩელი და ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით პატიმრობა 2022 წლის 16 მაისს მიუსაჯა, ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის საელჩომ ამერიკაში დაგეგმილ პროგრამაში მონაწილეთა სიიდან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ ამოიღო.
2022 წლის 2 ნოემბერს სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობის ვადის ნაწილში გადაწყვეტილება არ შეცვალა. განაჩენი ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
ნიკა გვარამიას დაპატიმრების შემდეგ, საქართველოს რეიტინგი მედიის თავისუფლებაზე მომუშავე ორგანიზაციების ანგარიშებში მკვეთრად გაუარესდა - მედიის წარმომადგენლის პატიმრობა საქართველოსთვის იშვიათი პრეცედენტია.