Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ნათია თურნავა შეასრულებს


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა. ის ბანკის საბჭომ პირველ ვიცე-პრეზიდენტად შეარჩია მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" დაძლია ვეტო და ამოქმედდა კანონში შეტანილი ცვლილებები. თურნავა სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში იყო მინისტრი, თანამდებობის დატოვებიდან მალევე კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა.

13 ივნისს პარლამენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. შემდეგ კი მიიღო „ქართული ოცნების" კანონპროექტის პირვანდელი ვერსია და თებერვალში დადებული ვეტო დაძლია.

თუკი აქამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებდა სამიდან ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი, კანონმა გააჩინა პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელსაც დაეკისრა ამ მოვალეობის შესრულება.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს შორის არ დაასახელა საქართველოს მოქმედი ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რომელიც საბჭოში მმართველი პარტიის სასურველი კანდიდატია. სწორედ ეს სახელდებოდა კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზად.

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად 2022 წლის 7 ივნისს პარლამენტმა 80 ხმით აირჩია. იგი 2019 წლის 18 აპრილიდან 2022 წლის 9 თებერვლამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. ამ თანამდებობაზე 2019 წლის 18 აპრილს იგი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დანიშნა. თურნავა თანამდებობას ინარჩუნებდა გიორგი გახარიას პრემიერობის დროსაც.

გასული წლის 9 თებერვალს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ნათია თურნავას შემცვლელად ლევან დავითაშვილი წარადგინა, თურნავამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი, გარკვეულწილად შეიცვალოს სფერო და სხვა ასპარეზზე მოსინჯოს ძალები.

XS
SM
MD
LG