კანონს დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც პარლამენტში ორი მოსმენითაა მხარდაჭერილი, მმართველი გუნდი დეკემბრამდე არ მიიღებს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარში თქვა კახეთში, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას ესწრება.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, ბრიუსელში ვიზიტისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სთხოვა, არ მიეღოთ კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.
ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან.
„ჩვენ მომავალ კვირაში ვგეგმავდით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღებას საბოლოო, მესამე მომსმენით, თუმცა იცით, რომ პრემიერს ჰქონდა ბრიუსელში ვიზიტი, შედგა უმაღლეს დონეზე შეხვედრები, მათ შორის შარლ მიშელთან, მათ შორის ევროკომისართან და იქ ასეთი თხოვნა იქნა დაყენებული, რომ არ იყოს ამ ეტაპზე ეს კანონი მესამე მოსმენით მიღებული. შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ანგარიშს ვუწევთ ამ თხოვნას. მომავალ კვირაში არ იქნება მიღებული ეს კანონი, არც დეკემბრამდე მივუბრუნდებით. ჩვენ დაველოდებით ყველა შემთხვევაში დეკემბერში ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიერ გამოხატულ პოზიციას. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ გვაინტერესებს, მოიხსნება თუ არა დეოლიგარქიზაციის საკითხი, რაც თავის თავში გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. მანამდე ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტის განხილვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დეოლიგარქიზაცია ერთ-ერთია ევროკომისიის იმ 12 პრიორიტეტიდან, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მასში საუბარი არ არის პერსონალიზებულ მიდგომაზე ან შესაბამისი კანონპროექტის შემუშავებაზე, არამედ მიზნად განსაზღვრულია ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაზე კერძო ინტერესების მომეტებული ზეგავლენის აღმოფხვრა.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ". საკითხის განხილვას წინ უძღოდა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა ამ კანონპროექტზე.
ამ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ უმრავლესობა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს მიღების შემდეგ გააუქმებს, თუკი ევროკომისია ამოიღებს ამ საკითხს 12 პუნქტიდან. მისი მტკიცებით, ვენეციის კომისიის დასკვნასა და ევროკომისიის მოთხოვნას შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მისი თქმით, ვენეციის კომისია პრობლემის სისტემური მიდგომით გადაჭრაზე საუბრობს, ევროკომისია კი - პერსონალიზებულ მიდგომაზე.
ვენეციის კომისიის დასკვნას გამოეხმაურა ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათ განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი ეთანხმება და მხარს უჭერს ვენეციის კომისიას, რომლის რეკომენდაციაა, საქართველომ უარი თქვას "დეოლიგარქიზაციის კანონზე".
12 ივნისს გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, ევროსაბჭოს ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი თქვას დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად ჩაატაროს არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი სტრუქტურული ხარვეზების, უფლებამოსილებების და კოორდინაციის თვალსაზრისით.