Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული წყაროების ცნობით, მოსკოვთან დრონების აფეთქება იყო


საილუსტრაციო ფოტო. დრონის შეჯახების შედეგად დაზიანებული ბინა მოსკოვში. 2023 წლის 30 მაისი
საილუსტრაციო ფოტო. დრონის შეჯახების შედეგად დაზიანებული ბინა მოსკოვში. 2023 წლის 30 მაისი

დღეს დილით რუსულენოვანი ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები მოსკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ. აფეთქებების ადგილებად მითითებული იყო დასახლება ლუკინო და ნარო-ფომინსკის რაიონი, სადაც რუსეთის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილია დისლოცირებული.

კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით 3 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს მოსკოვის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ლუკინოსთან მდებარე მინდორში და მოსკოვის ოლქში, ტამანის დივიზიის დისლოკაციის რაიონში. რუსეთის არმიის ეს დივიზია ნარო-ფომინსკის რაიონშია განთავსებული.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დღეს დილით, ორი აპარატი ჩამოაგდეს სამხედრო ნაწილის საწყობებთან მიახლოებისას. ვორობიოვის თანახმად, შემთხვევის რაიონში სპეცსამსახურები მუშაობენ.

გუბერნატორის და სააგენტო „ტასის“ წყაროს მტკიცებით, დრონების აფეთქებას არცერთი ობიექტი არ დაუზიანებია და არავინ დაშავებულა, აპარატების ფრაგმენტები კი ექსპერტიზისთვის გაიგზავნა. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.

  • 3 მაისს რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ "კიევის რეჟიმს" ჰქონდა უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის მცდელობა, რომ სამხედროებმა და სპეცსამსახურებმა ორი უპილოტო საფრენი აპარატი მწყობრიდან "დროულად" გამოიყვანეს და კრემლის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნის და ნამსხვრევების გაფანტვის შედეგად არავინ დაშავებულა.
  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პუტინს და მოსკოვს თავს არ დასხმიან, რადგან უკრაინელები საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან. როგორც ზელენსკიმ თქვა, პუტინს საერთაშორისო ტრიბუნალს დაუთმობენ.
  • 30 მაისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვზე იყო შეტევა 8 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით. მოსკოვის მერიის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები და სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.
XS
SM
MD
LG