Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ISW: პუტინი ცდილობს შეამციროს მოსკოვზე დრონებით თავდასხმის მნიშვნელობა


უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ადგილი მოსკოვში. 2023 წლის 30 მაისი
უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმის ადგილი მოსკოვში. 2023 წლის 30 მაისი

ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW), მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევაზე პრეზიდენტ პუტინის საჯარო რეაქციას აფასებს იმის ნიშნად, რომ რუსეთს უკრაინის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები შეზღუდული აქვს.

ამერიკელი ანალიტიკოსების თანახმად, პუტინმა სცადა მოსკოვზე თავდასხმის მნიშვნელობა შეემცირებინა, რათა თავიდან აეცილებინა იმის გამოაშკარავება, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო მოქმედების ვარიანტები შეზღუდული აქვს.

რუსეთის პრეზიდენტმა აქცენტი გააკეთა უკრაინაზე წარსულ და მიმდინარე სარაკეტო დარტყმებზე, რაც ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებით, სავარაუდოდ, იყო იმის წარმოჩენის მცდელობა, რომ რუსეთი ზომებს ისედაც აქტიურად მიმართავს და უკრაინის შემდგომ პროვოკაციებს დამატებითი პასუხი არ სჭირდება.

30 მაისს, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმი“ ცდილობს რუსეთის მოქალაქეების დაშინებას და ანალოგიურ ქმედებებზე რუსეთის ხელისუფლების პროვოცირებას მაშინ, როცა, პუტინის მტკიცებით, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე მაღალი სიზუსტის იარაღით უტევს მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და საომარი მოქმედებების წარმოებისთვის საჭირო ობიექტებს.

პუტინმა ერთ-ერთ მაგალითად ის მოიყვანა, რომ „ორი-სამი დღის წინ“ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაარტყეს უკრაინის სამხედრო დაზვერვის შტაბს. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.

რუსეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დამაკმაყოფილებლად იმოქმედა, თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა „ტერორისტულ შეტევად“ გამოაცხადა და „კიევის რეჟიმი“ დაადანაშაულა. სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შეტევაში მონაწილეობდა 8 უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთაგან 5 ჩამოაგდეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „პანცირით“, 3 კი გააუვნებელყვეს რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.

მოსკოვის მერის, სობიანინის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ბინები. სამედიცინო დახმარება დასჭირდა 2 ადამიანს.

რუსული ტელეგრამ-არხების და კრემლის პოლიტიკის პროპაგანდისტ ვლადიმირ სოლოვიოვის თანახმად, შეტევაში 32 უპილოტო საფრენი აპარატი მონაწილეობდა და მათ სამიზნეებს შორის იყო მოსკოვის პრესტიჟული რაიონი რუბლიოვკა. დამოუკიდებელი რუსული მედიის ინფორმაციით, დრონებით დარტყმები განხორციელდა მოსკოვის ოლქში, ნოვო-ოგარიოვოში, პრეზიდენტ პუტინის რეზიდენციის მახლობლადაც.

XS
SM
MD
LG