Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის მამამ პარლამენტთან პირი და თვალი ამოიკერა


ბექა გრიგორიადისი
ბექა გრიგორიადისი

ბექა გრიგორიადისმა, რომელიც შვილის, ლაზარეს, გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქციას მართავს, პროტესტის ნიშნად პირი და თვალი ამოიკერა. როგორც ბექა გრიგორიადისმა ჟურნალისტებს უთხრა, ეს გააკეთა „ლაზარეს თავისუფლებისთვის და რუსული მთავრობის მიმართ დაუმორჩილებლობისთვის". მან თქვა, რომ პარლამენტთან უწყვეტ აქციებს აპირებს.

20 ივნისს, 20:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან ბექა გრიგორიადისმა აქცია - „არა რუსულ მთავრობას" - დაიწყო. როგორც მან თქვა, აქცია ორი კვირის წინ დაიგეგმა და მისი გამართვა პარლამენტის შენობის წინ იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც 19 ივნისს ტერიტორია გაფიცულმა მაღაროელებმა დაიკავეს, მან აქციის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა.

„ორი კვირა არის, რაც დაანონსებული გვაქვს აქცია პარლამენტის წინ. ახლა მათ იქ კარავი ჩაადგმევინეს თავისუფლად. ჩვენ ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ", - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას.

ლაზარე გრიგორიადისის დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ამ საქმეში არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებულის ბრალეულობას დაასაბუთებს. ადვოკატს როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოებმა უარი უთხრეს ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებაზე.

XS
SM
MD
LG