Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიგუ: ყირიმზე დარტყმის შემთხვევაში დავარტყამთ "გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს"


რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 9 ნოემბერი, 2022.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. 9 ნოემბერი, 2022.

რუსეთის ხელისუფლება კვლავ დაემუქრა უკრაინას ე.წ. გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე დარტყმებით. ამჯერად ასეთი დარტყმების შესაძლო პირობებზე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ისაუბრა სამინისტროს კოლეგიაში. შოიგუს სიტყვებიდან გამომდინარეობს, რომ „წითელი ხაზი“ არის უკრაინის ჰიპოთეზური სარაკეტო დარტყმები სამიზნეების წინააღმდეგ ანექსირებულ ყირიმსა და რუსეთის ტერიტორიაზე.

შოიგუს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა გეგმავს ასეთი დარტყმების განხორციელებას HIMARS-ისა და Storm Shadow-ის რაკეტებით. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონის გარეთ ამ რაკეტების გამოყენება ნიშნავს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის სრულ ჩართვას კონფლიქტში და გამოიწვევს დაუყოვნებელ დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

რა არის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონა“, მან არ დააკონკრეტა. რუსეთის ხელისუფლება სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უწოდებს უკრაინაში ბრძოლებს მას შემდეგ, რაც გასული წლის თებერვალში დაიწყო ქვეყანაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა. ამ ომის დროს რუსეთმა უკრაინის მთელს ტერიტორიას შეუტია, ნაწილი კი ოკუპირებულ იქნა. რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიაც იბომბება, განსაკუთრებით ბოლო დროს. რატომ არ ეკუთვნის ყირიმი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ზონას, მაგრამ ეკუთვნის, მაგალითად, ზაპოროჟიეს ოლქი, რომელსაც რუსეთი ასევე მიიჩნევს საკუთარ ტერიტორიად მას შემდეგ, რაც გასული წლის შემოდგომაზე რეგიონის ანექსიის შესახებ დოკუმენტები იქნა მიღებული, შოიგუს არ დაუკონკრეტებია.

ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინელი სამხედროები დარტყმებს ახორციელებენ - მათ შორის Storm Shadow-ის გამოყენებით - რუსეთის ჯარების ზურგში, მათ მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიებზე, მათ შორის მარიუპოლში, ბერდიანსკში, ლუგანსკში და არაბატის ცელაზე. ყირიმში კი ასეთი დარტყმები არ განხორციელებულა.

დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან, ხაზს უსვამენ, რომ არ ეთანხმებიან რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს, მაგრამ მიუთითებენ, რომ ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებს“ დარტყმებით პირველად დაემუქრა რუსეთის დაბომბვის საპასუხოდ ჯერ კიდევ გასული წლის აპრილში. ასეთი დარტყმების არარსებობამ კრიტიკა გამოიწვია რუსი სამხედრო ბლოგერების მხრიდან. დეპარტამენტმა ასეთი დარტყმების შესახებ ორჯერ განაცხადა - 2023 წლის მაისში და 16 ივნისს. პირველ შემთხვევაში, ვარაუდობენ, რომ თავდასხმა კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოს შტაბ-ბინაზე მოხდა, მეორე შემთხვევის შესახებ დეტალები არ ვრცელდება. უკრაინა უარყოფს, რომ რომელიმე „გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი“ განადგურდა.

XS
SM
MD
LG