Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბობოყვათელებმა, რომლებმაც პროტესტის დროს მატარებელიც კი გააჩერეს, შეთანხმებას მიაღწიეს


ბობოყვათი, მოსახლეობა მედიას შეთანხმების პირობებს აცნობს
ბობოყვათი, მოსახლეობა მედიას შეთანხმების პირობებს აცნობს

თითქმის ორი წლის თავზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში აქციები წყდება - მოქალაქეები ამბობენ, რომ წინაპრების კუთვნილი ტერიტორიაზე, რომელიც ხელისუფლებამ გაუყიდა, ინვესტორთან შეთანხმდნენ.

ბობოყვათის ზღვის სანაპიროსთან 20 ჰა მიწის ნაკვეთზე 100-ზე მეტი ოჯახი საკურების უფლების აღდგენას ორი წელია ითხოვდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ეს მიწა მათი წინაპრების საკუთრებაა, რომელიც ბოლშევიკებმა ჩამოართვეს, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ კი დაპირების მიუხედავად არ დაუბრუნა. ბობოყვათში ზღვის სანაპიროსთან მდებარე 20 ჰა მიწა კომპანია „შავი ზღვის სამოთხე 1“-ის საკუთრებაა. საქართველოს მთავრობამ მიწა 26,6 მილიონ ლარად, პირობებით გაყიდა. ამ მიწაზე კომპანია 53, 23 და 30-სართულიანი აპარტოტელების აშენებას გეგმავს.

აქციის მონაწილეები ზღვის სანაპიროზე შეიკრიბნენ საქართველოს, აშშ-ს და ევროკავშირის დროშებით და საჯაროდ განაცხადეს, რომ შეთანხმება მიღწეულია. მათი თქმით, ინვესტორმა კონტრაქტით აიღო ვალდებულება, რომ პირველივე კორპუსში 100-მდე ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემს - ეს პირობა მათთვის მისაღები აღმოჩნდა.

"აქ შევიკრიბეთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვუთხრათ - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. სამი წლის განმავლობაში თოვლში, წვიმაში, დარში და ავდარში ვიბრძოდით, რკინიგზაც კი გადავკეტეთ და მატარებელი შევაჩერეთ ჩვენი მიწებისთვის. პირველი აუქციონიც ჩავშალეთ", - ამბობს მამუკა მსხალაძე, აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

თამაზ ბაკურიძემ გაიხსენა, მათი პროტესტის მიუხედავად, ხელისუფლება არ აღიარებდა, რომ მიწები მათი საკუთრება იყო და აუქციონით გაყიდა. გარდა ამისა, გასხვისების მიუხედავად, ინვესტორს არ ჩაუდო რაიმე სახის ვალდებულება, რომელიც მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა.

XS
SM
MD
LG