თბილისიდან ბათუმში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის აღაიანის მონაკვეთზე დაიწვა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. კომპანია "მეტროს" ავტობუსში ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
"მივდიოდით გზაზე და უცბად ცეცხლი წაეკიდა, სხვა არაფერი. დაკვამლიანდა და ჩამოვხტით ავტობუსიდან", - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი "მთავარ არხთან".
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. "მეტროს" ცხელ ხაზზე აცხადებენ, რომ დაუკავშირდებიან ყველა მგზავრს, რომლებიც ამ ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და ზარალს აუნაზღაურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით - სხვისი ნივთის განადგურება ცეცხლის წაკიდებით ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ან ორ წლამდე პატიმრობით. უწყებაში აცხადებენ, რომ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.