საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებულ პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. როგორც სამინისტრო იუწყება, დაინიშნა მედიატორი.
„მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე - კომპანიის მენეჯმენტთან. მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული", - აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.
დღეს უკვე მერვე დღეა, რაც ჭიათურაში დაწყებული პროტესტის მერე ყველა მაღარო გაჩერებულია. სამი ათასზე მეტი მაღაროელი სამსახურში არ დადის. ათმა მაღაროელმა შიმშილობა გამოაცხადა.
ისინი ხელფასის 40%-ით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. მთავარი მოთხოვნები, ხელფასის ზრდის გარდა, მოიცავს:
- 2023 წლის 1 თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულება;
- ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერება და გადახდის გადავადება, აქამდე დარიცხულის გასტუმრება;
- დაზღვევის შეცვლა და პირობების გაუმჯობესება;
- დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლება;
- ტექნიკური განახლება/გაუმჯობესება;
- ულუფის გაუმჯობესება;
- უსაფრთხოების გაკონტროლება და ა.შ.