„ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. მას მხოლოდ 15-მა [კვორუმი 76 ხმა] დეპუტატმა მისცა ხმა, 26 წინააღმდეგი იყო.
შემდეგ კი პარლამენტმა კენჭი უყარა სამი მოსმენით მიღებულ „ქართული ოცნების" კანონპროექტის პირვანდელ ვერსიას და ის, საბოლოოდ, 82 ხმით [კვორუმი 76 ხმა] 9-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეგლამენტის თანახმად, თუ საქართველოს პრეზიდენტმა დადგენილ ვადაში [გადაცემიდან 5 დღის ვადაში] არ გამოაქვეყნა კანონი, მას ხელს აწერს და 5 დღეში საჯარო სამართლის იურიდიული პირის, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებსაიტზე აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.
„ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო თებერვალში დაადო.
„არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ეწერა პრეზიდენტის განცხადებაში.
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების გასვლამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, „ეროვნული ბანკის შესახებ კანონში“ დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები.
ამჟამად ეროვნულ ბანკს სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს, თანაბარი უფლებებით. გვენეტაძის წასვლის შემდეგ, ეროვნული ბანკის შიდა რეგულაციებით, სამი მათგანიდან ერთ-ერთი გახდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი - ეს არის არჩილ მესტვირიშვილი.
კანონპროექტმა კი შემოიტანა „პირველი ვიცე-პრეზიდენტის“ ცნება და, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემთხვევაში, მას დააკისრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ავტორებმა ამ ცვლილების აუცილებლობა იმით დაასაბუთეს, რომ უშუალოდ კანონში არ წერია, პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემთხვევაში, რომელი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს მის მოვალეობას. თუმცა კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა საჯარო განხილვებზე სხვა მიზეზიც დაასახელა:
„ეს კეთდება იმიტომ, რომ გამოვრიცხოთ ყოველგვარი გაუგებრობა, საბოტაჟის მცდელობა და ქაოსი ამ ინსტიტუციაში“, - განაცხადა 8 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს უფლება არ აქვს, პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის კომპეტენციებში ჩაერიოს.
მმართველი პარტიის გავრცელებული განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია 6 ივნისს შედგა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.
ამ გადაწყვეტილების გამო „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ბრალი დასდო სებ-ის „გამართული ფუნქციონირებისთვის ხელშეშლაში“.
პრეზიდენტს პირადად არ გაუკეთებია კომენტარი „ოცნების“ ბრალდებაზე. თუმცა მისმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საქმიანობა პრეზიდენტის ნაბიჯებით არ ზიანდება:
„ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს ერთ-ერთი კვალიფიციური და პროფესიული კადრი [არჩილ მესტვირიშვილი]“.
მსხილაძემ დაადასტურა, რომ ზურაბიშვილი მოქმედი მინისტრის, ხუციშვილის წარდგენას განიხილავდა, თუმცა არსებობდა კითხვის ნიშნები „ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმზე - კანდიდატის დამოუკიდებლობაზე“.
გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ხუციშვილი სახელდებოდა ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა უნდა შეესრულებინა.
ლაშა ხუციშვილი 2014-21 წლებში, რამდენიმე ფინანსთა მინისტრის პირობებში, მინისტრის მოადგილე იყო, 2021 წლის აპრილიდან კი მინისტრის პოსტს იკავებს.
მინისტრის მამა, ნუგზარ ხუციშვილი „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელია, - ბიძინა ივანიშვილის თანამებრძოლი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროიდან.
- აუდიტის სამსახურის ცნობების თანახმად, 4 სხვადასხვა საარჩევნო პერიოდში ნუგზარ ხუციშვილს 100 000 ლარი აქვს შეწირული მმართველი გუნდისათვის.
- აქედან 10 000 ლარი სალომე ზურაბიშვილის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაიხარჯა. ზურაბიშვილი „ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო.
- 2012 წელს, - როდესაც ბიძინა ივანიშვილის „ქართუსთან“ დაკავშირებული კომპანიის, „ქართუ მშენებლის“ თანამშრომელი იყო, - მან საარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. მაშინდელმა მარეგულირებელმა, კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ხუციშვილმა ამ თანხის შეწირვა „უჩვეულოდ დიდი პრემიის ჩარიცხვის“ შედეგად მოახერხა, ეს „უკანონო სქემად“ შეაფასა და 200 000 ლარით დააჯარიმა.